ახალი ამბები

ტყეშელაშვილი: ჩართულობის სტრატეგიის მიზნებზე სახელმწიფო ‘მზარდ რესურსს’ ხარჯავს

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის განხორციელება „არათუ შენელდა“, არამედ „მნიშვნელოვნად გაიზარდა“ იმ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით, რომლებიც „ოკუპაციის ხაზის ორ სხვადასხვა მხარეს არიან აღმოჩენილი“, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 13 მარტს.

“ამაზე იხარჯება როგორც სახელმწიფოს რესურსი და მზარდი რესურსი – მე კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ, ეს საიდუმლო ინფორმაციაა, მაგრამ მზარდი რესურსია; ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების რესურსიც არის საამისოდ უზრუნველყოფილი, რომ ნდობის აღდგენა ხელშეწყობილი იყოს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პარლამენტში სტუმრობისას.

მინისტრმა დღეს მისი უწყების მიერ 2011 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და მიმდინარე წლის გეგმებზე ანგარიში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიას გააცნო. თუმცა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რადგან ასეთი ფორმატი ეკა ტყეშელაშვილმა თავად მოითხოვა საკითხის „სენსისტიურობის“ მოტივით.

მანამდე ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ მისი უწყების მიზანია სხვადასხვა სფეროში არსებული კონკრეტული პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან „კარგი ურთიერთოების“ აღდგენას "მანამ, სანამ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ახორციელებს ამ რეგიონების ოკუპაციას“.

“ეს არ არის მარტივი პროცესი, არ არის მოკლევადიან პერიოდში მისაღწევი მიზანი, მაგრამ არის აუცილებლად შესასრულებელი ამოცანა“, – განაცხადა მან.

Back to top button