ახალი ამბები

სააკაშვილი: პუტინისთვის საქართველოს არჩევნები ‘გენერალური ბრძოლაა’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის „ახალი ძველი“ ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით საქართველოს არჩევნებზე „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, იგივეა რაც „გენერალური ბრძოლის ახალი ადგილის და ახალი დროის“ დანიშვნა.

„რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო – შემოდგომის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები… მაგრამ მათ როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადით, როგორც ვერ მოგვიგეს ომით, დემოკრატიულ ბრძოლას, მითუმეტეს, ვერ მოგვიგებენ იმიტომ, რომ დემოკრატიულ ომს ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც“, – განაცხადა სააკაშვილმა 12 მარტს.

"ჩვენ იმ ბრძოლასაც მოვუგებთ ჩვენ დამპყრობელს, რომელიც გამოგვიცხადა, პაემანი რომ დაგვითქვა შემოდგომაზე ამ ოთხი დღის წინ. შემოდგომაზე შევხვდებით პუტინს, მათ შორის კახეთის ქუჩებში", – აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება თელავში ღია ცის ქვეშ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან ქალაქის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ გააკეთა ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ, მსოფლიო ბანკმა და კერძო სექტორმა 120 მილიონი ლარი გამოყო თელავში 140 შენობის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.   

 

Back to top button