ახალი ამბები

მოსკოვი აზერბაიჯანის პარლამენტში სააკაშვილის გამოსვლას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ 12 მარტის განცხადებაში ასევე შეეხო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას აზერბაიჯანის პარლამენტში და განაცხადა, რომ „დანასანია“ რუსეთის მეგობარი ქვეყნის მიერ მისთვის ტრიბუნის დათმობა.

“ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მიმართ ჭეშმარიტი დამოკიდებულება განსაზღვრული სიცხადით გამოითქვა ბატონი სააკაშვილის ცოტა ხნის წინანდელ გამოსვლაში ბაქოში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, „მანიაკალური მტრობა შეხამებული საქართველოს პრეზიდენტისთვის დამახასიათებელ საკუთარი განდიდების მანიასთან გადაიზარდა მოწოდებაში ყველა პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხების მიმართ (და კიდევ რატომღაც ვინმე „რუსი პატრიოტებისადმი“) „ხელი ხელს ჩასჭიდონ“ რუსეთთან ბრძოლის მიზნით“.

“მართლაც დასანანია, რომ ამ ნაკლებად დაკავშირებული ბოდვისთვის დათმობილი იქნა ჩვენი მეგობარი ქვეყნის საპარლამენტო ტრიბუნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მილი მეჯლისს სიტყვით 7 მარტს მიმართა, სადაც აზერბაიჯანთან სტრატეგიულ ალიანსსა და რუსეთზე ისაუბრა.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ "ოფიციალური თბილისის მტრული დამოკიდებულების და პროპაგანდისტული მანევრების მიუხედავად", რუსული მხარე "ღია რჩება ნებისმიერი კონტრუქციული ნაბიჯისთვის, რომელიც მიმართულია რუსულ–ქართულ ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ".

 

Back to top button