
თბილისი სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებულ „უკანონო“ არჩევნებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სეპარატისტულ აფხაზეთში „რუსეთის საოკუპაციო ძალებისა“ და „მათი მარიონეტული რეჟიმის“ მიერ 10 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს „უკანონო აქტს“ უწოდებს.
“აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებით თანახმად, ე.წ. არჩევნები „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას“ წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები“.