
აფხაზეთის საპარლამენტო მანდატების უმეტესობის მოსაპოვებლად მეორე ტური ჩატარდება
სეპარატისტული აფხაზეთის 35–წევრიან პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტის მოსაპოვებლად ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგანაც მხოლოდ 13–მა კანდიდატმა მოახერხა 10 მარტს მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 მარტს.
არჩევნების მეორე ტური 24 მარტს იმ 20 ერთმანდატიან ოლქში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%–ზე მეტი ხმების მოპოვება. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის №21–ე ოლქთან დაკავშირებით; ხოლო რაც შეეხება სოხუმის №1 საარჩევნო ოლქს, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ვერ მოხერხდა 25%–იანი ბარიერის გადალახვა, განმეორებითი არჩევნები ორ თვეში გაიმართება.
იმ 13 კანდიდატს შორის, რომლებმაც შესაბამის ოლქებში 50%–ზე მეტი ხმები მიიღეს, არის რაულ ხაჯიმბა, ოპოზიური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის“ ლიდერი და ასევე მმართველი პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ ერთი კანდიდატი; დანარჩენი თერთმეტი კი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.
„აფსნიპრესი“ იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას სიტყვებზე დაყრნობით, რომ 10 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 44.5% შეადგინა.
სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 148 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 16 ქალი და 21 მოქმედი დეპუტატი. მხოლოდ 34 კანდიდატი იქნა წარდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ, დანარჩენი კი საინიციატივო ჯგუფებმა დაასახელეს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სეპარატისტული აფხაზეთის ამომრჩევლებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე 74 135 ადამიანიდან 90.9%–მა ხმა ვლადიმერ პუტინს მისცა.