ახალი ამბები

საქართველო ნატოს გაფართოვების შესახებ სენატორ ლუგარის კანონპროექტში

აშშ–ის რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ნატოს გაფართოების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის წარმოადგინოს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიის და მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებისთვი „მკაფიო საგზაო რუკა“.

ლუგარმა იმედი გამოთქვა, რომ სენატი კანონპროექტს ჩიკაგოს სამიტამდე მიიღებს.

მისი თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ–ის კანონმდებლობაში, როდესაც ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო მოხსენიებულები იქნებიან, როგორც „ასპირანტი“ ქვეყნები.

ნატომ საქართველო „ასპირანტ“ ქვეყნად 2011 წლის 7 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოიხსენია, რამაც რუსეთის პროტესტი გამოიწვია. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან „გააფრთხილა“ თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა, შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს მსგავსი „ავანტიურისკენ“ წააქეზოს. 

სენატორ ლუგარის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გაატარა, რათა ხელი შეწყობოდა ნატოს გაფართოებას; ასევე მოხსენება, თუ რამდენად მზად არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო ნატოში გაწევრიანებისთვის; და ერთი მოხსენებაც აშშ-ის იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

Back to top button