
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა 7 მარტს ბრიუსელში გაიმართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა „თუ როგორ უნდა გაფართოვდეს საქართველოს პარტნიორობა და კავშირი ალიანსთან“, განაცხადა ნატომ პრეს–რელიზში.
ნატო–საქართველოს კომისია მთავარი მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც ნატო–საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამაში დასახული რეფორმების განხორციელება განიხილება. ამ პროგრამას ალიანსი ყოველწლიურად განიხილავს.
სხდომაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია წარმოადგენდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში „განსაკურებული წვლილის“ გამო.
„ჩვენ ასევე ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, რომ თითქმის გააორმაგოთ მონაწილეობა“, – განაცხადა რასმუსენმა 7 მარტს, "დღეს ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ნატოს და საქართველოს შორის თანამშრომლობა საქართველოს რეფორმების მხარდაჭერის გზით“.
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე მთელი რიგი ღონისძიებები იქნა შეთანხმებული, „საქართველოში რეფორმების პროცესის შემდგომი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმირების გაძლიერება, ალიანსთან თავსებადობა, ასევე საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ნატოს პრეს–რელიზში.
5 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ჩიკაგოში მაისში დაგეგმილი ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ გაიმეორებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და „ვერც ერთი მესამე ქვეყანა, ვერც ერთი მესამე მხარე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს ნატოს სახელით“.
მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტულება ძალაში რჩება და საქართველო გახდება ნატოს წევრი „რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ საქართველო საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“.