
ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 მარტს, ხაშურის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებიდან რვა დღის თავზე, რომ ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფებულია იმის გამო, რომ „პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა“.
მართალია ოფიციალური ვერსიით, სოლომონ ქიმერიძის დაღუპვა კიბის მოაჯირიდან გადმოვარდის შედეგად მიღებულ ტრამვებს მოყვა, მაგრამ კვლავ არსებობს ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმერიძე შესაძლოა პოლიციის მიერ ცუდი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 მარტს, რომ „ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაშურის პოლიციის უფროსის გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“.
ამავე განცხადების თანახმად, „აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა“.
ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის უფროსის გათავისუფლებისკენ ორშაბათს მოუწოდა, განაცხადა, რომ შსს–ის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება საზოგადოების ძალისხმევის შედეგია.
“პოლიციამ უკან დაიხია“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, „ასეთი რამ, ასე სწრაფად პირველად მოხდა, მაგრამ ეს სრულიად არ არის საკმარისი. სამართლიანობის აღდგენას და დაცვას გაცილებით მეტი სჭირდება. ამიტომ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვპირდებით ყველას, რომ ამ და ყველა ასეთ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კონკრეტული დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე“.
იმავდროულად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომ “გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნება ცემა-წამების კვალი, ხოლო გარდაცვალება გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა“.