
სააკაშვილი: რუსეთს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ აქვს მომავალი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მენტალური“ განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ისინი წარსულზე არიან ორიენტირებული, ხოლო „ჩვენ ვაშენებთ მომავალს“.
“რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსით, დღევანდელი მათი პოლიტიკით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არ აქვთ მომავალი იმიტომ, რომ აშენებენ წარსულს“, – განაცხადა მან 5 მარტს ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნის დროს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოში სტუმრად მყოფი ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
“ისინი აშენებენ წარსულს არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, ან საბჭოთა იმპერიის შექმნას, აღდგენას ცდილობენ ან საბჭოთა კავშირის აღდგენის ან ევრაზიული კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ. ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
“ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ე.ი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს“, – დასძინა მან.
პრეზიდენტმა ასევე ახსენა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამით რუსეთს ანალოგიურის გაკეთების შანსი მისცა.
“თქვენ ნახეთ, რომ მთელი ეს პერიოდი ისინი იძახდნენ, რომ ‘ჩვენ არა გვაქვს პრობლემაო ქართველ ხალხთანო, ჩვენ გვაქვს პრობლემა მარტო საქართველოს ხელისუფლებასთან’. ერთ–ერთი მთავარი ნიშანი საბჭოთა კავშირის და ძველი წყობის არის, რომ ძველ წყობაში საბჭოთა კავშირი ყოველთვის იტყუებოდა, ამიტომ ახლა ისინი იძახოდნენ ‘არა გვაქვს პრობლემა ქართველ ხალხთან’. ‘კარგით’, ჩვენ ვუთხარით ‘არ გაქვთ პრობლემა ქართველ ხალხთან? ჩვენ გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებზე და გაძლევთ შანსს, რომ არაფერი არ გაუკეთოთ საქართველოს ხელისუფლებას, გაუკეთეთ ქართველ ხალხს – გააუქმეთ სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხისთვის ამის საპასუხოდ’“, – განაცხადა მან.
მოსკოვმა განაცხადა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ის მზად არის ანალოგიური ქმედება განახორციელოს, თუმცა თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა, რადგან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სტუმრობენ, საქართველოში ჩასვლისას სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდიან. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, თბილისში მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის არ ყოფნა ართულებს ამ მოქალაქეების უფლებების დაცვას.
“როგორი მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ტყუილს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „როგორც კი მივეცით შანსი, რომ გაეკეთებინათ რაღაცა პირდაპირ ქართველი ხალხისთვის, ეგრევე ამოატრიალეს ფირფიტა, ეგრევე შეცვალეს თავისი პირველი ჩვენება. უფრო მეტიც, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებმა, გადაწყვიტეს, რომ მათ ისიც არ აწყობთ, რომ მათი ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში. და გამოაცხადეს ამ ორი დღის წინ, ჩემი წინადადების საპასუხოდ, რომ მოდი სავიზო რეჟიმი მოვხსნათ, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა არის თურმე საშიში“.
“მათი დასაბუთება იყო, რომ თურმე რუსების გამოშვება არ შეიძლება საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო“, – განაგრძო მან, „ე.ი. თურმე, თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი არ მოკალათდა თბილისში რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, არ შეიძლება იმათი აქ გამოშვება“.
“ხომ შეიძლება საერთოდ ვირუსით დაავადდნენ არაკორუმპირებული, თავისუფალი ქვეყნის და იგივე მოინდომონ მერე საკუთარი ქვეყანაში. „ძალიან საშიშია“, ნამდვილად“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს მიდგომებს შორის „აი ეს არის განსხვავება“.
„ჩვენ არა მხოლოდ არ გვეშინია ჩვენი მოქალაქეების სადმე გაშვება, არამედ არ გვეშინია იმ მოქალაქეების შემოშვება, რომელიც დამპყრობელია დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის. იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენი პატარა ქვეყანა დარწმუნებულია თავის ძალებში, თავის მომავალში, თავის განვითარებაში. ამიტომ მათ ელოდებათ, რა თქმა უნდა, არასტაბილურობა“, – განაცხადა მან.
„ამის ფონზე ჩვენ განსაკუთრებით ჩქარა უნდა განვითარდეთ. განსაკუთრებით ბევრი უნდა ავაშენოთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ვიშრომოთ, განსაკუთრებით ფართოთ უნდა გავშალოთ ფრთები და რა თქმა უნდა, შორს არ არის ის დრო, როცა საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება. იმიტომ, რომ ის ვინც წარსულს აშენებს, იმას არ შეიძლება ქონდეს მომავალი. ის, ვინც ჩვენ ტერიტორიაზე ბაზებს აშენებს, მავთულხლართებს წნის, იმას არ შეიძლება მომავალში იმედი ქონდეს, რომ ამ ტერიტორიებს შეინარჩუნებს. რაც უფრო ჩქარა ავაშენებთ ჩვენს მომავალს, მით უფრო ამ მომავალში ადგილი ექნება ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს არის ჩვენი ისტორიის მაგალითები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.