ახალი ამბები

შსს: განმუხურთან პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს

სოფელ განმუხურთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს კვირას გამთენიისას ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს თქმით, თავდასხმის დროს, რომელიც ადგილობრივი დროით 03:20 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა.

„4 მარტს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სოფელ განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ თავდამსხმელები სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ.

შსს–მ მოუწოდა რუსეთის „საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან“ მომავალში.

სოხუმმა განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო განმუხურში მომხდარ სროლასთან. გალის რაიონის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორმა ლავრენტი მიქვაბიამ განაცხადა, რომ კვირას 5–დან 6 საათამდე პერიოდში „ორი აფეთქება და ავტომატური იარაღიდან სროლა“ ისმოდა განმუხურის მხრიდან. „აფსნიპრესი“ მის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, საქართველომ თავდასხმელები საკუთარ ტერიტორიაზე უნდა ეძებოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა კვირას გაკეთებულ განცხადებაში, რომ „შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი“.

Back to top button