ახალი ამბები

სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლებმა კვირას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რომლის სავარაუდო გამარჯვებულიც ვლადიმერ პუტინია.

სეპარატისტული რეგიონების ბევრ მაცხოვრებელს რუსული პასპორტები გააჩნიათ და ამიტომ მათ რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნა იმ ათასობით რუსი სამხედროსთვის, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში არიან განთავსებული.

„მე სიამოვნებით მივეცი ხმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საარჩევნო უბანთან, „აფხაზეთმა იცის, ვის მისცეს ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს მისცემს ხმას… მე ჩვენი ქვეყნის მომავალს მივეცი ხმა“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთში ცხრა საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ორი სოხუმში.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კი 12 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, მათ შორის ოთხი ცხინვალში, რომელთა ინფორმაციითაც, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 11 600 ამომრჩეველი გამოცხადდა.

ორივე სეპარატისტული რეგიონის ამომრჩევლებს ამ თვეში კიდევ ერთხელ მოუწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა.

აფხაზეთში 10 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო სამხრეთ ოსეთი 25 მარტს ახალი ლიდერის ასარჩევად განმეორებით არჩევნებს ჩაატარებს, რომელშიც ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს.

დიმიტრი მედოევმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წამყვან კანდიდადად მოიაზრება, კვირას განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან პუტინს მისცა ხმა.  

 

Back to top button