ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 მარტის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 29 თებერვალს.

ესენი არიან სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი; სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი; კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი და სეპარატისტული რეგიონის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი.

ლიდერად მოსკოვში სეპარატისტული რეგიონის ელჩი მოიაზრება, რომელსაც გავრცელებული  მოსაზრებით, მოსკოვიც უჭერს მხარს. თუმცა თავად მედოევი უარყოფს, რომ მას მოსკოვის მხარდაჭერა აქვს.

„დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელია ვინმეს პროტეჟე იყო“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზას“.

თავდაპირველად პრეზიდენტობის სურვილი 22 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა სამმა მათგანმა მონაწილეობა გადაიფიქრა, ხოლო სხვები ვერ დარეგისტრირდნენ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე მათგანმა ოსურ და რუსულ ენებში ჩასაბარებელი გამოცდები ვერ გაიარეს, ხოლო დანარჩენებს მონაწილეობის უფლება იმ მოტივით არ მიეცათ, რომ მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების სიებში უზუსტობები დაფიქსირდა.

იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც მონაწილეობა აეკრძალათ, არიან ისინიც, ვინც სამხრეთ ოსეთის ყოფილ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან ოპოზიციაში იმყოფებიან. მართალია კოკოითმა ოფიციალურად დატოვა თანამდებობა, მაგრამ მიიჩნევა, რომ იგი თავისი მოკავშირეების მეშვეობით კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა მოსალოდნელი იყო, განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა იური ძიცოითმა, რომელმაც ასევე ვერ გაიარა რეგისტრაცია.

„მე ადრე რამდენჯერმე მითქვამს: მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი დარჩება – ისინი, რომლებზე შეთანხმებაც მოსკოვში მოხდა“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზას“ 25 თებერვალს. 

განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც შარშან ნოემბერში მეორე ტურის შედეგები, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა. ჯიოევა, რომელმაც განმეორებით არჩევნებს უკანონო უწოდა, საკუთარ ინაუგურაციას 10 თებერვალს გეგმავდა, თუმცა ერთი დღით ადრე ის საავადმყოფოში მოხვდა მის შტაბბინაში სამართალდამცავების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად.

მსგავსი/Related

Back to top button