ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით მიმართავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით მიმართა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური დებატები მმართველი პარტიისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით. 

პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრნენ მთავრობის წევრები, კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

  • გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტი სხვა მოქალაქეებთან ერთად მიესალმა ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში, რომლებიც „დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილში იცავენ კაცობრიობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“. წუთიერი დუმილით პატივი სცეს ავღანეთში დაღუპული 15–ვე ჯარისკაცის ხსოვნას. სააკაშვილის თქმით, ეს ადამიანები აძლიერებენ საკუთარ ქვეყანას, შეიარაღებულ ძალებს და პერსპექტივას აძლევენ საქართველოს;
  • დასაქმება – ქვეყნის წარმატება საბოლოოდ იზომება არა ციფრებით და რეიტინგებით, არამედ ადამიანების კეთილდღეობით, განაცხადა მან. მისი თქმით, მინიმუმ 2 მლნ–ით გაიზრდება ტურისტების რაოდენობა 2015 წლისთვის, რაც 30 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილია; დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება ენერგო სექტორში ჰესების მშენებლობის გზით; შეიქმნება პროფესიული გადამზადების სისტემა –  2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, გაიცემა 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერები; სტუდენტების დასაქმების ერთთვიანი პროგრამა ამოქმედდება ამ ზაფხულში; გარდა ამისა, წელს 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600–მდე სკოლა გარემონტდება;
  • სოფლის მეურნეობა – ამუშავდება ერთიანი საირიგაციო სისტემის პროგრამა. 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის ახალი ცენტრები, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზაციის საშუალებები და ასევე მათ მიენიჭებათ საკონსულტაციო–საგანმანათლებლო ფუნქციაც, სადაც ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი; 
  • ჯანდაცვა – 90–მდე კლინიკა გაიხსნა დღემდე და წლის ბოლომდე იფუნქციონირებს 130 ახალი სამედიცინო ცენტრი. ეს არის გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის სადაზღვევო სისტემის განვითარება. 2006 წლამდე დაზღვევა ჰქონდა 40 ათასზე ნაკლებ ადამიანს, 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე. მან გაიმეორა, რომ სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე შვილი შეძენისას 1000 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ მეოთხეზე და შემდეგ ბავშვის დაბადებაზე  – 2000 ლარს. ამავე პერიოდიდან ასევე დაზღვეული იქნება ის 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან;
  • ულმობელმა ბრძოლამ ნარკოდანაშაულთან მისი სტატისტიკა გაანახევრა. ამ კუთხით შემოსული ჯარიმების ნაწილი მოხმარდება ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას;
  • ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის საარჩევნო რეფორმის მიმართულებით;
  • იქმნება ახალი პოლიტიკური კოალიციები და მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დემოკრატია გახსნილია ყველასთვის, ვინც კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს და მიესალმება ნებისმიერი აზრის არსებობას.
  • წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ეს არის გამოცდა. ის უნდა იყოს ყველაზე გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა საქართველოში. ჩვენ ვიწვევთ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს;
  • ისე უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანიები, რომ არ დაზარალდეს ეკონომიკა და ინვესტიციები;
  • ჩვენ ვერასდროს ვერ ვიტყვით უარს ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვაზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის და დეოკუპაციისთვის ბრძოლაზე;
  • ჩვენ გავაგრძელებთ გზას დასავლეთისკენ – ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მისი თქმით, შეუძლებელია უარის თქმა ნატოზე და ევროკავშირზე იმ პირობებშიც კი, როცა მათში შესვლა წლების და არა თვეების საკითხია;
  • ვაღრმავებთ მჭიდრო თანამშრომლობას აშშ–სთან. მისი თქმით, ობამას სიტყვები, რომ საქართველო არის სანიმუშო, მისაბაძი მაგალითი მთელი რეგიონის მასშტაბით – მთელი ერის დამსახურებაა და არა მხოლოდ პრეზიდენტის ან მთავრობის;
  • საქართველო არის კავკასიაში ლოკომოტივი ევროპისკენ. საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება არ შეიძლება განიხილებოდეს კავკასიური უსაფრთხოების გარეშე. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საერთო კავკასიური განვითარებისთვის და ყოველთვის ვიაქტიურებთ კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მეგობრობაში. საქართველო მყარად უჭერს მხარს სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის პრინციპს, თუმცა ჩვენ კავკასიას განვიხილავთ როგორც ერთ რეგიონს;
  • დაინტერესებული ვართ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში და გამოვდივართ ინიციატივით ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღაიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას;
  • მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. გვწამს, რომ იქ სადაც აქტიურობს ბიზნესი, ადგილი აღარ რჩება ტანკის მუხლუხებისთვის;
  • ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია, რომ ორჯერ მეტი ზრდის ტემპი გვქონდეს საქართველოს, ვიდრე აქვს ეს რუსეთს.
Back to top button