ახალი ამბები

სააკაშვილი პარტიებს საგარეო კურსზე აზრის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდებს


პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველი ჯარისკაცების წინაშე გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოდის 25 თებერვალს. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების „გარანტი“ იქნება, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

მართალია მას კონკრეტულად არცერთი პოლიტიკური ფიგურა ან ძალა არ დაუსახელებია, მაგრამ სააკაშვილის გზავნილის ადრესატი, სავარაუდოდ, მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია იყო.

მმართველი პარტიის დეპუტატები და მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ივანიშვილის განცხადებები, რომ ის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეა, განსაკუთრებით ამ თემაზე მისი თავდაპირველი ბუნდოვანი პოზიციის შემდეგ, ფაქტიურად პოლიტიკური ჟესტია. მათი მტკიცებით, ივანიშვილის და რამდენიმე მისი მოკავშირის განცხადებები, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას აპირებენ და რომ მათ შესაძლებლად მიაჩნიათ ერთდროულად მოსკოვთან კარგი ურთიერთობა და ნატოსკენ სწრაფვა, ფაქტიურად იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი პრო–რუსული ორიენტაციის მატარებელია.

“მალე ჩვენ გვექნება არჩევნები,“– განაცხადა სააკაშვილმა 25 თებერვალს თავის სატელევიზიო გამოსვლაში გორის სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას, „მე ვიქნები იმის გარანტი, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მონაწილეობის მიღებას გეგმავენ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. თითოეული მათგანი ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე მკაფიო და გახსნილი იყოს“.

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლების მთავარ საკითხზე ზოგიერთი პარტია „მერყეობს“ და „ერთი პოზიციებიდან მეორეზე დახტის“ იმის მიხედვით, თუ როგორია სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები. 

“ზოგიერთისგან მსმენია, რომ  რუსეთის ლიდერებთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს და ეს ნატოზე და ევროკავშირზე პრიორიტეტულია; ასევე გამიგონია, იმის მიუხედავად, რომ ნატო და ვეროკავშირი პოპულარულია და ჩვენ პრიორიტეტად უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ხმების მიღებაც უნდათ, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს „პუწინთან“  – პუტინთან და მის მთავრობასთან; არის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ამ სამიდან არც ერთი გზა არ გვჭირდება, რადგან ქართული გზა უნდა გამოვიგონოთ, მარტო ვიყოთ მსოფლიოში“, – განაცხადა მან. 

მისი თქმით, საქართველოში ყველა ამ აზრის მიმართ არის „ტოლერანტულობა“.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ პუტინის ჯარისკაცების მიერ ვართ ოკუპირებულები“ და „500 ათასი დევნილი პუტინის მიერ განხორციელებული და დაკანონებული ეთნოწმენდის მსხვერპლია“, და ასევე პუტინის მომხრეობა ამორალური და არაპოპულარულია, ასეთი პოზიციის ქონა "არის ლეგალური, ნებადართული ჩვენთან“ და „თქვენ არ შეგიძლიათ ეს პოზიცია ხალხისგან დამალოთ“.

“დისკუსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებს და იმ გზებს უკავშირდება, რომელიც ამ გეგმის განხორციელებამდე მიგვიყვანს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალია ეს ნათელი და გამჭირვალე იყოს ხალხისთვის“, – განაცხადა მან.

“ასე რომ, ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ, ან ფიქრობთ, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეიძლება მიიღოთ, გთხოვ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ– იქით კუდს ნუ აქიცინებთ,“– განაგრძო მან, „შეგიძლიათ ღიად წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც ეს ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა ამ ორი დღის წინ მის მხარდასაჭერად“.

მას მხედველობაში ჰყავდა რუსეთში მოღვაწე მუსიკალური ჯგუფის სოლისტი, ქეთა თოფურია, რომელმაც პუტინის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერ შეკრებაზე იმღერა. ეს ფაქტი ქართულმა ნაციონალურმა არხებმა ფართოდ გააშუქეს.

მან ასევე განაცხადა, რომ პუტინის „ლაქიაა“ ის, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა; ასევე ის, ვინც იზიარებს პოზიციას, რომ რუსეთთან ურთიერთობის მთავარი პრობლემა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაა და „თურმე ამის შემდეგ ისინი ალბათ ჩაგვეხუტებიან და ჩვენს ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ“. 

“მაგრამ როცა ამას ამბობთ, თქვენ უბრალოდ ახმოვანებთ იმას, რაც დღისით და ღამით ელანდება ვლადიმერ პუტინს“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან „უკეთესი ურთიერთობა“ ყველას სურს,  „პირველ რიგში მე, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტის  ხარჯზე, არა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხარჯზე და არა ნატოსა და ევროკავშირის ხარჯზე“.

მისი თქმით, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ისე ახლოს  იმ ოჯახთან, რასაც ნატო და ევროკავშირი ქვია.

„ჩვენთვის სხვა ოჯახი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან, „ჯერ–ჯერობით ჩვენ არ ვართ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს მასში გაწევრიანებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან ერთდროულად“.   
 
ეს არ არის „მხოლოდ სიტყვები“, განაცხადა მან და ამგვარი გზავნილებით გამორჩეული ბოლო რამოდენიმე თვის ვიზიტები ჩამოთვალა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის და ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სტუმრობა თბილისში, ასევე მისი ვიზიტი აშშ–ში, სადაც პრეზიდენტმა ობამამ, მისი თქმით, საქართველო „სანიმუშო, ბისაბაძ მაგალითად დაასახელა რეგიონში“ და „მკაფიოდ გაიმეორა, რომ საქართველო გახდება ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი“.

მისი თქმით, ის „ვითომ ნეიტრალური ელემენტები“, რომლებიც ამბობენ რომ ერთნაირია შეერთებული შტატებიც და რუსეთიც, ან სრულიად „არაინფორმირებულები“ ან „უბრალოდ პათოლოგიური მატყუარები“ არიან.

“როდესმე რამე დაგვაძალა ამერიკამ, ევროკავშირმა ან თუნდაც საფრანგეთმა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, გვაიძულა რამე? არაფერი, სრულიად არაფერი… გვიყურებენ როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს. ერთადერთი, რისიც შეიძლება გვეშინოდეს, არის მათი ინდეფერენტულობა. ამიტომ არის, რომ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ჩვენ პრობლემებს“, – განაცხადა მან

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა დასავლელ "მეგობრებს", რომლებიც საქართველოს, რუსეთისგან განსხვავებით, არ უყურებენ, როგორც „მონებს“.

“რუსეთის დღევანდელ ლიდერებს არ უნდათ მეზობლები, მათ სურთ აბსოლუტური ვასალები ყავდეთ,“– განაცხადა მან, „დამპყრობლის მეგობარი კი ვერ გახდები. დამპყრობელი დაგინდობს, გაგამდიდრებს კიდევაც, ფულს გაგაკეთებინებს, ოქროში ჩაგსვავს, მაგრამ ამისთვის მას თავი უნდა დაუხარო და შენი თანამემამულეებიც უნდა დაუქვემდებარო“.

“ჩვენ არ გვინდა ბატონები და მონები ჩვენს ქვეყანაში“, – განაგრძო სააკაშვილმა, „ჩვენ გვინდა თავისუფლების მტკიცე დაცვა, მტკიცე თავდადება დასავლური ინტეგრაციის მიერ. ნებისმიერი სახის დაყოვნება ჩვენს იზოლირებას მოახდენს… დაგვიხურავს კარს და საბოლოოდ გადაგვაქცევს მოსკოველი რევანშისტი ლიდერების ნადავლად. აი, ხელები ეფხანებათ მაგისთვის“.

სააკაშვილმა ეს განცხადებები 91 წლის წინ ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღის – 25 თებერვლის აღნიშვნის ღონისძიებების ფარგლებში გააკეთა. მისი გამოსვლის ფონზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანები "ლაზიკა" და "დიდგორი".

მისი თქმით, იმ საწარმოებში, სადაც „ჩვენ ვაწყობთ ძალიან ბევრ სხვა [სამხედრო დანიშნულების ]აპარატს“, ათასობით ადამიანია დასაქმებული.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას "ძალიან სჭირდება" სამხედრო წარმოება იმის მიუხედავად, რომ „უკვე ნათელია, რომ საქართველოს ბლოკადის და მუქარის პირობებში, საქართველოს იზოლაციის ყველანაირი გეგმა ჩაიშალა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button