ახალი ამბები

ივანიშვილი კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დიპლომატებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და „სამოქმედო გეგმები და ამოცანები“ გააცნო, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

ივანიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „აუცილებლად“ დარჩეს და „ვაიძულებთ ხელისუფლებასაც მაქსიმალურად ჩავითრიოთ კანონიერ სივრცეში“.

„არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ და ვერავინ ვერ გვაიძულებს და არავითარი ცდუნება არ გვაქვს იმისა, რომ გავიდეთ კანონიერების სივრციდან“, –  განუცხადა მან დიპლომატებს, „და თქვენის თანადგომით, რის იმედსაც ჩვენ ვიტოვებთ გულწრფელად, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ… მხოლოდ კანონიერი გზით და მხოლოდ კანონიერი არჩევნებით მოვახდინოთ დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლება“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის ამოცანებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშნებელობა, სასამართლოსა და მედიის სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლება, ასევე იმ „ყველაზე დიდი უსამართლობის“ მოგვარება, რაც ქვეყანაში დასაქმების პრობლემას უკავშირდება.

“ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და რეალურად ავტორიტეტული რეჟიმი მივიღეთ, შესაბამისად ჩვენი კოალიციის მიზანია გავაგრძელოთ, რაც იყო დასაწყისში ამ ხელისუფლების მოსვლის დროს, მხედველობაში მაქვს, 2003 და მისი შემდგომი წელი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო „ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის“ ფაქტებსაც, იტყობინება პრესსამდივნო.

Back to top button