
ახალი ამბები
ანქვაბის თქმით, მასზე თავდასხმა დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ მასზე 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმა აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციას“ ისახავდა მიზნად.
„მთელი ჩემი ფიქრები ახლა იმ ბიჭებთანაა [დაცვის წევრებთან], რომლებმაც მამაცურად იბრძოლეს კრიმინალებთან. სამწუხაროდ, ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ეს განცხადება სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ანქვაბმა უშიშროების საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ. მედვედევმა სოხუმს დახმარება შესთავაზა აფხაზეთის ლიდერზე თავდასხმის გამოძიების საქმეში. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.