ახალი ამბები

პუტინის თქმით, სამხედრო სფეროში საქართველოს დახმარებით აშშ ‘ძალიან დიდ შეცდომას’ უშვებს

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შატატები „ძალიან დიდ შეცდომას“ უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხმარება და ამით თბილისს „აგრესიული ქმედებებისკენ“ უბიძგებს.

„ჩვენ მათ ამის შესახებ მუდმივად ვეუბნევით. და მე ძალიან ვიმედოვნებ იმას, რომ საღი აზრი ეყოფა ქართულ მხარეს და ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტიურულმა პოლიტიკამ, ფუჭად არ ჩაივლის, და ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება მან რუსეთის შეაირაღებული ძალების დანაყოფების მეთაურებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მეთაურმა კომენტარი თხოვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ საქართველოს იარაღს მიაწვდის იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 30 იანვარს აშშ–ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.

„მე მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, იქ რაზე მოილაპარაკეს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ იქ ვინმე ჩვენიანი იყო და მოგვიყვება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ის, რომ აშშ ქართულ ჯარს აიარაღებს, „ჩვენ ეს ვიცით, ამას ვხედავთ და საჯაროდ არა, თუმცა შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე“.

“ჩვენ ვმსჯელობთ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელთაც მარტივად ადევნებს თვალს არა მხოლოდ საგარეო დაზვერვა, არამედ გრუ [რუსეთის სამხედრო დაზვერვა]“, – განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა: „გემების გადაადგილება, ტვირთების ზომა, ყველაფერი ეს საკმაოდ ადვილად კონტროლირდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით“.

მისი თქმით, აშშ–მ საქართველოს გადაიარაღება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე დაიწყო. 

“ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს აშკარად აგრესიულ პოლიტიკას და იარაღის მიწოდება იმ ქვეყნის არმიისთვის, რომელიც ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, გარდაუვლად, ყოველთვის და ყველგან უბიძგებს მას აგრესიული მოქმედებებისაკენ, ხელს უწყობს აგრესიულ ქმედებებს“, – განაცხადა პუტინმა.

იმავე შეხვედრაზე,  პუტინმა განაცხადა, რომ არასოდეს აიგივებდა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთთან და რომ ურთიერთობების გაფუჭება, „ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა ატარებდა და ამ დრომდე ცდილობს გაატაროს“.

“მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს მართლაც ჩვენთვის მოძმე ერი საბოლოოდ მიხვდება, რომ რუსეთი არის არა მტერი, არამედ მეგობარი და ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა პუტინმა.

Back to top button