ახალი ამბები

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


კადრი 2011 წლის ივლისს ნატოს სატელევიზიო არხის სიუჟეტიდან, სადაც ნაჩვენებია საქართველოს 32–ე ქვეითთა ბატალიონის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე მუსა ქალეჰში.

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე  და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22 თებერვალს.

"სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას", – ნათქვამია მოკლე განცხადებაში.
 
საქართველომ უკვე 15 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა და მათგან ოთხი წელს დაიღუპა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნაღმის აფეთქებას ოთხი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.  

31–ე ქვეითთა ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში უკვე მეორედ იმყოფება. 

ეს ბატალიონი პირველი ქართული სამხედრო შენაერთი იყო, რომელიც ჰელმანდში 2010 წლის აპრილში ექვსი თვით განთავსდა. მაშინ ბატალიონმა ხუთი სამხედრო დაკარგა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

„ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში,“ – ნათქვამია განცხადებაშია, „ ეს თქვენი – ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია“.  

წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

Back to top button