
“ახალი თაობა–ახალი ინიციატივა” სასამართლოში არჩევნების ვადებზე სარჩელს აღარ შეიტანს
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ დღეს განაცხადა, რომ აღარ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ვადებთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას მას შემდეგ, რაც გუშინ მისმა ამ ინიციატივამ ფართო დებატები გამოიწვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ, კერძოდ კი მისი ოქტომბრის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარების ალბათობაზე.
17 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ „პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესის თუნდაც წარმოების დაწყების წინააღმდეგია“.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მართალია ის საკუთარი პოზიციის ერთგული რჩება, რომ ოქტომბერში არჩევნების ჩატარება არაკონსტიტუციურია, რადგანაც ამჟამინდელი პარლამენტის ოთხწლიანი ვადა კიდევ შვიდი თვით გაიზრდება, მაგრამ ამის მიუხედავად იგი აღარ შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ახალი თაობა–ახალი ინიციატივა"– მ განაცხადა, რომ „პოლიტიკური კონსენსუსი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით“ თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში საარჩევნო პროცესის ჩატარების „უმთავრესი შემადგენელი ნაწილია“.
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო კოკი იონათამიშვილი, რომელიც ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ 2010 წლიდან თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან მუშაობდა მისი აპარატის უფროსად, ხოლო იმავე წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოს წევრი გახდა ნაციონალური მოძრაობის სიით.