
ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფს წარადგენს
მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი 15 თებერვალს მისი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარადგენს.
ამ ჯგუფში, დაახლოებით, 20 ადამიანი შედის, რომელთა ვინაობაც ჯერ–ჯერობით გასაიდუმლოებული რჩება. ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, გენდერულად და ასაკობრივად დაბალანსებულ ჯგუფში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის უცხოეთში მყოფი "წარმატებული ქართველები" და ჟურნალისტები, არიან წარმოდგენილნი. ფანჯიკიძის თქმით, ისინი „ახალი სახეები არიან პოლიტიკაში“.
ივანიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. გახდება თუ არა იგი პარტიის თავმჯდომარე, დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
გასულ თვეში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მოქალაქეობის მიღებაზე უარს ეტყვიან, სათადარიგო გეგმის სახით, განიხილავს მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის პარტიის ლიდერობის საკითხს.
ივანიშვილის პარტიის დაფუძნების შემდეგ მის გარშემო კოალიციის შექმნაც იგეგმება.