
შსს: ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულის სამიზნე ზუგდიდის ბაზარი იყო
ქართველმა სამართალდამცავებმა „ტერორისტული აქტის მოწყობის“ მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს, თუმცა ეს საქმე არანაირ კავშირში არ არის თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის საქმესთან, განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა დააკავეს "ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბეჟან შაკაია, რომელიც საქართველოში გადმოვიდა რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან".
შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ ეჭვმიტანილი ზუგდიდში 14 თებერვალს დააკავეს.
მისი თქმით, ჩაშლილი ტერორისტული აქტის სამიზნე ზუგდიდის ბაზარი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის საქმესთან.
უტიაშვილმა განაცხადა, არშემდგარი ტერორისტული აქტი ზუგდიდში იმ წინა მცდელობების ანალოგიური იყო, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ დაიგეგმა.
შარშან ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ტერორისტული აქტის მცდელობა აღკვეთა, რომელთაგანაც ერთი, სავარაუდოდ, აფხაზეთში განთავსებული რუსეთის უშიშროების ოფიცრის მიერ იყო დაგეგმილი, მეორე კი სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსი ოფიცრის მიერ.
2010 წლის ბოლოს საქართველომ განაცხადა, რომ 2010 წლის შემოდგომაზე განხორციელებული რამდენიმე ტერორისტული აქტის უკან სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებული რუსი სამხედრო ოფიცერი იდგა.