ახალი ამბები

თეირანის თქმით, ინციდენტები ისრაელმა თავად მოაწყო საქართველოსა და ინდოეთთან ირანის “მეგობრული ურთიერთობების” გასაფუჭებლად

ისრაელმა თავად დაგეგმა ნიუ დელიში საელჩოსთან მომხდარი აფეთქება და თბილისში ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქების მცდელობა, რათა ინდოეთთან და საქართველოსთან „ირანის მეგობრული ურთიერთობები შებღალოს", იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რამინ მეჰმან–ფარასტის სიტყვებზე დაყრდნობით 13 თებერვალს.  

მეჰმან–ფარასტმა, რომელიც 2010 წლის მაისში საქართველოს სტუმრობდა, უარყო ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალდება, რომ ნიუ დელიში და თბილისში მომხდარი ინციდენტების უკან თეირანი დგას და მას ისრაელის მიერ „ირანის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა.

„ირანი მკაცრად გმობს ტერორიზმს და ირანი თავად ყოფილა ტერორიზმის მსხვერპლი“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველომ, რომელსაც 2010 წლის იანვრიდან 45–დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს ირანთან, განაცხადა, რომ იძიებს საქმეს, რომელიც თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მიერ საკუთარ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას ეხება. ისრაელის საელჩოს მძღოლმა, საქართველოს მოქალაქემ განაცხადა, რომ მან საკუთარ Hyundai Getz–ზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ორშაბათს დილით აღმოაჩინა.     

Back to top button