ახალი ამბები

ვაშაძის ვიზიტი ავღანეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგილ ვაშაძე 11–12 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა თავის ავღანელ კოლეგასთან და ISAF-ის სარდლობასთან, რომლისთვისაც საქართველო სამხედრო კონტიგენტის 1 685 –მდე  გაზრდას გეგმავს.

11 თებერვალს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზალმაი რასულთან შეხვედრის დროს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნაზე“, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 13 თებერვალს და დასძინა, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა ISAF-ის სარდალს, გენერალ ჯონ ალენს და ISAF–ის ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ-მაიორ შონ მაკფარლანდს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძემ  შეხვედრა გამართა ასევე აშშ-ის სატრანსპორტო ძალების სარდალთან, გენერალ უილიამ ფრეიზერთან, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის მსოფლიო მასშტაბით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების საკითხებს კურირებს. 

Back to top button