ახალი ამბები

შსს–ს თქმით, მისი დახმარებით აფხაზეთში ტყვეობაში მყოფი ქართველი მღვდელმონაზონი გათავისუფლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 11 თებერვალს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, რომ „რუსების მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  25 დღიანი ტყვეობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაათავისუფლა მამა იონა ( მამუკა მაისურაძე)“.  

ქართული მედია იტყობინებოდა იანვარში, რომ ქართველი მღვდელმონაზონი, მამა იონა (ერისკაცობაში მამუკა მაისურაძე) მაშინ „გაიტაცეს“, როდესაც ის სეპარატისტულ აფხაზეთში წმინდა ადგილების მონახულებას ცდილობდა. მისმა ნათესავებმა განაცხადეს, რომ გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 100 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა მაშინ, რომ აფხაზ სამართალდამცავებს ქართველი მღვდელმონაზონი არ დაუკავებიათ  და არც არაფერი იცოდნენ მისი სავარაუდო გატაცების ან ადგილსამყოფელის შესახებ. 

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან ბიუროს „ეხო კავკაზას“ იანვრის ბოლოს, რომ მამუკა მაისურაძე „ბნელი პიროვნებაა“, რომელიც 2009 წელს რუსეთიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. მაისურაძე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სასულიერო მოღვაწეობა ორი წლის დაიწყო; შსს–ს წარმომადგენელმა დაუდასტურა Civil.ge–ს, რომ მამა იონა იგივე პიროვნებაა, რომელიც რუსეთმა ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

11 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილი მამა იონა თავის თბილისის რეზიდენციაში მიიღო და უთხრა მას, რომ „არა მხოლოდ არანაირი გამოსასყიდი არ გადაუხდია ვინმეს, არამედ ამ ხალხმა საკადრისი პასუხი მიიღო“. „თუმცა ყველა დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს გატაცების არც პირველი შემთხვევაა და, სამწუხაროდ, შეიძლება, არც ბოლო აღმოჩნდეს, სანამ ეს ბანდიტური უკანონობა გრძელდება იქ ჩვენი მტრის ხელშეწყობით. ყველაზე მთავარია, რომ თქვენ აქ ხართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მე ვფიქრობ, ამ ხალხმა გაიგო, ყოველ შემთხვევაში თუ ვერ გაიგო, გააგებინეს ერთ ნაწილს და დანარჩენს მოუყვებიან, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას ჩვენი მხრიდან პასუხი ყოველთვის მოჰყვება. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ დიდი და ძალიან მდინარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სიმდიდრე არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ დავიცავთ კბილებით და სხვა დანარჩენი საშუალებებით, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მამა იონამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და ქართველ სამართალდამცავებს მისი გათავისუფლების გამო, როგორც მან აღნიშმა, „უსისხლო ოპერაციით“. მისი თქმით, იგი  „კრიმინალების მთელ დაჯგუფებას“ ყავდა ტყვეობაში და „შეურაცხმყოფელ“ პირობებში იმყოფებოდა. 

Back to top button