ყინვამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გაყინული თბილისის ზღვა, 7 თებერვალი, 2012. ფოტო: "ინტერპრესნიუსი"
გასულ ღამეს საქართველოში მოყინვის შედეგად ორი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, იტყობინება ქართული მედია 11 თებერვალს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი უსახლკარო იყო.
ერთი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გასულ ღამეს, ხოლო მეორე ოზურგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თბილისის დამწვრობის ცენტრში მოყინვის და გადაციების გამო კიდევ ორი პაციენტი გადის მკურნალობას – ერთი მამაკაცი და ერთი ხანშიშესული ქალბატონი, იტყობინება ქართული მედია.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 12 თებერვლის ღამეს ტემპერატურა თბილისში მინუს 9 გრადუსამდე, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში მინუს 20 გრადუსამდე დაეცემა.
დიდთოვლობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 9 თებერვლიდან შეჩერდა და 13 თებერვალს განახლდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)