ახალი ამბები

ახალაია: ‘აშშ–თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას ბევრი ნიუანსი აქვს’

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავი შეიკავა დეტალურად განეხილა, თუ რას გულისხმობდნენ საქართველოს ოფიციალური პირები აშშ–თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალ ფაზაში“ ან „ახალ დონეში“, თუმცა განაცხადა, რომ მხოლოდ იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფოკუსირება დააკნინებს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ „ახალ ფართომასშტაბიან მოვლენას“.

5 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „კურიერი PS“ საუბრისას ახალაიამ, რომელიც ბრიუსელში 2 თებერვალს აშშ–ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდა, განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალი ფაზა“ გულისხმობს ყურადღების გადატანას ავღანეთში განთავსებისთვის ქართველი სამხედროების მომზადებიდან საქართველოს დახმარებაზე „ქვეყნის თავდაცვის, ტერიტორიული თავდაცვის“ საქმეში.

კითხვაზე უნდა ელოდოს თუ არა საქართველო რაიმე „წინსვლას ანტისაჰაერო თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებასთან“ დაკავშირებით, რისი შესყიდვაც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მათ ამერიკის შეერთებული შტატებისგან სურთ, ახალაიამ უპასუხა: „იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის იარაღთან გვექნება საქმე, ეს ცოტა დაკნინება იქნება მთლიანად ამ პროცესის იმიტომ, რომ მთლიანობაში ეს არის ძალიან ფართომასშტაბიანი მოვლენა, რომელიც თავის თავში ბევრ სხვადასხვა ნიუანსს გულისხმობს“.

მან განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, თუმცა დასძინა, რომ აშშ–ის და საქართველოს შესაბამისი წარმომადგენლები მალე დაიწყებენ იმ საკითხების მომზადებას, რომლებიც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და გაზრდისათვის“.

Back to top button