ახალი ამბები

ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 2 თებერვალს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების და 20 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში აშშ–ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდა.

"ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის და პრეზიდენტ ობამას შეხვედრის გაგრძელება და სწორედ ამ შეხვედრამ მისცა ბიძგი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას", – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შეხვედრის შემდეგ, "მე გეტყვით დაახლოებით რაზე გვქონდა საუბარი თავდაცვის მდივან პანეტასთან – ეს იყო სრულიად ახალი ფაზა ურთიერთობების, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ აქამდე ფოკუსირებული ვიყავით იმ სამხედრო წვრთნებზე და იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ეთმობოდა ძირითადად ჩვენს იმ ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობენ ISAF–ის ოპერაციაში, ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ისეთი სახის დახმარებებზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება მთლიანად შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას“, – განაცხადა ახალაიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა „ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა“.
  
„აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაზარდოს დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით,  რაც გულისხმობს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გაგრძელდება კონსულტაციები, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება საუბარი თანამშრომლობის საკითხებზე.

Back to top button