
სააკაშვილი თავისუფლებისკენ რუსების სწრაფვის შესახებ
თავისუფლებისკენ სწრაფვა შეუჩერებელია და ცვლილებები რუსეთში შესაძლოა არც ისე შორს იყოს, როგორც ეს ზოგიერთებს შეიძლება ეგონოთ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 თებერვალს.
ვაშინგტონში აშშ–ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი „უფრო ნორმალური და თანამედროვე გახდება“, ეს სხვებისთვისაც პოზიტიური იქნება, მათ შორის საქართველოსთვის.
„მაგრამ, ვფიქრობ, რომ რუსეთის მოდერნიზაციისთვის რეალური ცვლილებაა საჭირო და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება შესაძლოა არც ისე შორს იყოს, როგორც ხალხს ჰგონია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მე მინახავს ცვლილებები, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება“, განაცხადა მან, „ასევე მესმის ხმები, რომელიც ძალიან მაგონებს ჩემი ადრეული ახალგაზრდობის წლების ხმებს, როდესაც ელიტა ცინიკური იყო, ხოლო ხალხი სატირიკული ხდებოდა – იცით, სატირა ახლა ყველაზე განსაკუთრებული რამ არის რუსეთში; სატირა არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერ ავტორიტარულ ხელისუფლებას კლავს. დემოკრატიული მთავრობები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე ხუმრობენ; ავტორიტარულ მთავრობებს სძულთ და ახშობენ ხუმრობებს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობენ ეს ჩაახშონ, სულ უფრო მეტს ხუმრობს ხალხი მათზე და ახლა სულ უფრო მეტ ხუმრობებს ვხედავთ [რუსეთში]“.
„მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა და სწრაფვა თავისუფლებისკენ შეუჩერებელია“, – დასძინა სააკაშვილმა.
აშშ–ის მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის თანაორგანიზატორიც ატლანტიკური საბჭო იყო, საააკაშვილმა რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც კი დაინტერესდა საქართველოს რეფორმებით.
„ფაქტიურად, მედვედევმა კანონი პოლიციის შესახებ საქართველოს პოლიციის შესახებ კანონიდან გადაიწერა; მედვედევმა ხალხი გამოაგზავნა [საქართველოში] ამის შესასწავლად… რა თქმა უნდა, ისინი ამას ძალიან არასწორი გზით ახორციელებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.