ახალი ამბები

თბილისი იმედოვნებს, რომ ფიჯი რუსეთის ‘ზეწოლას’ გაუძლებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ იმედი გამოთქვა, რომ ფიჯის ხელისუფლება გაუძლებს რუსეთისგან „ცდუნებას თუ ზეწოლას“ და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს –  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს.

„ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ფიჯის ხელისუფლება დარჩება ერთგული საერთაშორისო პრინციპების და იმ პრინციპებისა, რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა და ისინი გაუძლებენ ამ ცდუნებას თუ ზეწოლას და დარჩებიან ერთგული, როგორც ჩვენს მიმართ კეთილი პარტნიორობისა,  ასევე იმ ვალდებულებების წინაშე, რომელიც მათ აქვთ აღებული“, – განაცხადა ჯალაღანიამ  30 იანვარს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ეს განცხადება ფიჯიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის წინ გააკეთა, რომელიც აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მისი ტურნეს ფარგლებში მიმდინარე კვირაში იგეგმება. ლავროვი 31 იანვარს ავსტრალიას ეწვევა. 

Sydney Morning Herald–ი იტყობინებოდა 25 იანვარს, რომ ფიჯიში ვიზიტამდე ლავროვი თავის ავსტრალიელ კოლეგას, კევინ რადს შეხვდება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, სთხოვს მას, რომ რუსეთმა გამჭირვალობა შეინარჩუნოს წყნარი ოკეანის სივრცეში არსებულ ურთიერთობებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ლავროვის ვიზიტის მიზანი შესაძლოა ნაწილობრივ ფიჯის დარწმუნება გახდეს, რათა მან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, იტყობინება  Sydney Morning Herald–ი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთისთვის სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო აღიარების პროცესი კარგად ვერ მიდის, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და ფიჯის შარშან შემოდგომაზე სტუმრობდა. ვიზიტის შემდეგ ფიჯის მედია იტყობინებოდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს სტუდენტებს 105 კომპიუტერს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამედიცინო უნივერსიტეტში 6 ადგილის გამოყოფას დაპირდა.  
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 იანვარს, რომ რუსეთი "რამოდენიმე ასეული მილიონის" დაპირებით ცდილობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება აფრიკული ქვეყნების მთავრობებისგანაც მოიპოვოს. 

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკაში, მიხეილ მარგელოვმა, რომელიც აფრიკის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, მალის, მავრიტანიას და მაროკოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა, განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს შეუთავაზებია ფული თავისი აფრიკელი პარტნიორებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ. 

სულ ბოლოს სოხუმი და ცხინვალი ტუვალუმ აღიარა 2011 წლის სექტემბერში, რომელმაც ერთი წლით ადრე საქართველოდან 12 000 აშშ დოლარის დახმარება მიიღო. გარდა რუსეთისა, სოხუმი და ცხინვალი ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.   

30 იანვარს დავით ღალაღანიამ ხაზი გაუსვა "რუსეთის მიერ წარმოებულ ერთგვარ უცნაურ საგარეო პოლიტიკას", რომლის ფარგლებშიც მოსკოვი, ძირითადად, ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ „სხვადასხვა არაკანონიერი გზით", მათ შორის "პირდაპირი მოსყიდვით თუ სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლით ან შეთავაზებით“, ცდილობს მიაღწიოს „ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს“.

 

Back to top button