ახალი ამბები

აქციის შვიდი მონაწილე დააჯარიმეს და გაუშვეს

პოლიციამ 28 იანვარს საპროტესტო აქციის შვიდი მონაწილე დააკავა, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლისთავის აღსანიშნავად პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი.

ოპოზიციის ახალგზარდული ჯგუფების რამოდენიმე ათეული აქტივისტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სანდო გამოძიების მოთხოვნით მართავდა აქციას.  

თავდაპირველად, აქციის მონაწილენი პარლამენტის წინ ტროტუარზე იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ ქუჩის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და ცოტა ხნით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია, მომიტინგეები ტროტუარზე დააბრუნა და აქციის ერთ–ერთი მონაწილე დააკავა. მოგვიანებით, მომოტინგეები კვლავ გადავიდნენ ქუჩის სავალ ნაწილზე და როდესაც ორმაგი ღერძულა ხაზის გასწვრივ დაიწყეს სიარული, პოლიციელებმა, ზოგიერთმა ფორმაში და ზოგმაც სამოქალაქო ტანსაცმელში, ხელი ჩაავლეს რამდენიმე მომიტინგეს და პოლიციის მანქანებისკენ წაიყვანეს.

შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ აქციის შვიდი მონაწილე წვრილმანი ხულოგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების თანახმად, ამგვარი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან მაქსიმუმ 90 დღიანი პატიმრობით.

28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე მათგანი დამნაშავედ ცნო, ექვს მათგანს 400 ლარის ოდენობის ჯარიმა, ხოლო ერთს 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

Back to top button