ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ–ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ–ში გაემგზავრა, სადაც მას 30 იანვარს პრეზიდენტი ობამა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში უმასპინძლებს.

„ძალიან მრავალფეროვანი და დატვირთული“ ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილის პრესსამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია აუდიენცია შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს „უმაღლეს პირებთან“, მათ შორის შეხვედრები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ჯო ბონერთან.

მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტის Basecamp მუშაობაში, რომელიც კალიფორნიის სათხილამურო კურორტ სქვოუ ველიში 27–30 იანვარს გაიმართება და რომელსაც პრეზიდენტი მიმართავს სიტყვით თემაზე „ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება: საქართველოში ვარდების რევოლუციისგან ნასწავლი გაკვეთილები“.

Back to top button