skip to content
ახალი ამბები

მედვედევმა და ანქვაბმა საბაჟო პუნქტი მოინახულეს


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი განახლებულ პუნქტ „ადლერთან“, მდინარე ფსოუს ხიდზე საზღვრის რუსულ მხარეს, 24 იანვარი. ფოტო: კრემლის ვებ–გვერდი.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველო–რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ადლერი“ მოინახულეს, სადაც 25 იანვარს ახალი საავტომობილო ხიდის გახსნაა დაგეგმილი, იტყობინება კრემლი 24 იანვარს. 

“სწრაფად ააშენეს, ყველაფერი ცივილიზებულია… შეესაბამება მოთხოვნებს, მათ შორის ვმო–ს ნორმებს“, – იტყობინებიან რუსული და აფხაზური საინფორმაციო საშუალებები მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური  2005 წლიდან ახორციელებდა. მისი საავტომობილო ნაწილის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში სატესტო რეჟიმში ამუშავების შემდეგ სრულფასოვნად თებერვლიდან შევა, ხოლო წელს დაგეგმილია ამ პუნქტის საფეხმავლო ნაწილის დასრულება.

რუსული სააგენტოების ცნობით, რეკონსტრუირებული გამშვები პუნქტი წინამორბედზე 12–ჯერ დიდია და შესაძლებლობა აქვს დღე–ღამეში ექვს მწკრივად 1500 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას მოემსახუროს.

“საჭიროა იმაზე ორიენტირება, რომ ნაკადი გაიზრდება“, – აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ გადაადგილება „გაცილებით სწრაფი“ იქნება.

მედვედევმა და ანქვაბმა გამშვები პუნქტი ორივე მხარეს დაათვალიერეს.

პუნქტი რუსეთის ტერიტორიაზე აღჭურვილია სასაზღვრო, საბაჟო და სხვა ტიპის კონტროლის უახლესი ტექნიკური საშუალებებით, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button