
HRW: საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება ‘არაერთგვაროვანია’
შარშან საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება „არაერთგვაროვანი“ დარჩა, განაცხადა უფლებადამცავმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 22 იანვარს თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიში 2011 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს.
საქართველოსთან მიმართებაში ანგარიშში წუხილებს შორის ჩამოთვლილია პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება მაისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს, „შეკრებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“, დევნილთა ძალადობრივი გამოსახლება თბილისის დროებითი თავშესაფრებიდან, ასევე შრომითი უფლებების დარღვევა, კერძოდ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვის დროს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია აშშ–მა და ევროკავშირმა გააღრმავეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან, მაგრამ მათ „ვერ შეძლეს თავიანთი ბერკეტების გამოყენება“ საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
„აშშ–მა და ევროკავშირმა გააღრმავეს თავიანთი ჩართულობა და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან. მაშინ როდესაც ორივე მათგანმა გამოთქვა წუხილები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არც ერთმა არ გამოიყენა ურთიერთობების გაღრმავების პროცესი ადამიანის უფლებათა კონკრეტული გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ანგარიშში.