
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე: მთავარი პრიორიტეტი ‘ფართო საერთაშორისო აღიარებაა’
„ფართო საერთაშორისო აღიარების“ მიღწევა, რაც უამრავ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, სოხუმისთვის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალმა მოადგილემ ირაკლი ხინთბამ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან ბიუროსთან „ეხო კავკაზა“–სთან ინტერვიუში 20 იანვარს.
28 წლის ირაკლი ხინთბა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია პოლიტიკის სფეროში და რომელიც ხშირად აკეთებს ექსპერტულ შეფასებებს აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 10 იანვარს დაინიშნა.
„პრინციპში, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეცვლილა; ეს არის: აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარების მიღწევა; რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება და აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ხინთბამ და დასძინა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრიორიტეტი ასევე შეიცავს თბილისთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებს.
„იმ ქვეყნების რაოდენობის ზრდაზე მუშაობა, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, დიდ ძალისხმევას, დროს და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია და ვფიქრობ, შედეგები აუცილებლად იქნება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საერთაშორისო აღიარების მოპოვება ასევე გულისხმობს „ევროპასთან და ზოგადად დასავლეთთან მუშაობას“.
„ჩვენ გახსნილობის პრინციპით ვხელმძღვანელობთ; მზად ვართ ურთიერთობებისთვის, ევროპულ ინსტიტუტებთან კონტაქტებისთვის. მაგრამ საგარეო პოლიტიკის კონტექსტის სირთულეებიც უნდა გავითვალისწინოთ, საქართველოსთან მოუგვარებელი კონფლიქტი, ასევე სხვა გამოწვევები და საფრთხეები. ამიტომ გარე სამყაროსთან ურთიერთობებში ფრთხილები და გონივრულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ხინთბამ.
- მოსკოვი ტუვალუს მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას მიესალმება
- ვანუატუ და აფხაზეთის (არ)აღიარება
- სოხუმმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
- ვენესუელა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
- ნიკარაგუამ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა აღიარა
- მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
- სეპარატისტული რეგიონების აღიარება ”იზოლირებული” რჩება – აშშ
მისი თქმით, აფხაზეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მხოლოდ დიპლომატიის გზითაა შესაძლებელი.
„სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მონაწილეობას ჟენევის დისკუსიებში და ამ ფორმატს მხარეებისთვის მნიშვნელოვნად და აუცილებლად მივიჩნევთ, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და აფხაზეთის პოზიცია საერთაშორისო დონეზე იქნას გაჟღერებული“, – განაცხადა ხინთბამ.
აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 18 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, „დატოვებენ აფხაზეთს“. მისი თქმით, სოხუმი დაჟინებით მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამგზავრების დროს გამოყენებული იქნას აფხაზური საერთაშორისო პასპორტები.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრიდან, დაახლოებით, 50 ნეიტრალური დოკუმენტი გაიცა.