
სააკაშვილი პუტინის “აღიარებით ჩვენებებზე”
- სააკაშვილი: რუსეთი აფრიკულ ქვეყნებს რამოდენიმე ასეულ მილიონს პირდება სეპარატისტული რეგიონების აღიარების სანაცვლოდ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს „მათი მუქარების არ ეშინია“.
პუტინმა საქართველოზე 18 იანვარს რუსული მედია საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ აშშ საქართველოში თავის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ განათავსებს და თუ ეს მოხდა, „საშინელება“ იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი „შეტევითი სისტემების“ საქართველოზე დამიზნება მოუწევს.
“რაც შეეხება მათ მუქარებს, ჩვენ მათი მუქარების არ გვეშინია იმიტომ, რომ მათ თავის ქვეყანა მართლაც ენგრევათ თავზე. და მთელი ეს პანიკური განცხადებები, აღიარებითი ჩვენებები იმის შესახებ რომ თურმე არანაირი სამშვიდობო ოპერაცია არ ყოფილა, არამედ იყო ქართულ–რუსული სამხედრო დაპირისპირება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიძახოდით, ეს ყველაფერი მხოლოდ მიუთითებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეს რეჟიმი“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 იანვარს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ასევე პუტინის განცხადების იმ ნაწილზე, რაც რუსეთის პრემიერ–მინისტრმა საქართველოზე საუბრის წამოწყების საბაბად გამოიყენა, როცა განაცხადა, რომ წარმოშობით ქართველი მწერლის, რუსეთის მოქალაქე ბორის აკუნინის ოპოზიციონერობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ეთნიკურობას, რადგან მისთვის შესაძლოა მიუღებელი ყოფილიყო რუსეთის ქმედებები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რაც პუტინის თქმით, „არსებითად წარმოადგენდა შეიარაღებულ ბრძოლას საქართველოსა და რუსეთს შორის“. რუსეთის პრემიერმა ასევე გამოთქვა ქართულ საზოგადოებასთან საუბრის მზადყოფნა, რათა „გამოსავალი ვეძებოთ“.
“თუკი ვინმეს ჯიუტად უნდა იმის მტკიცება, რომ პუტინს აქვს პრობლემა საქართველოს მთავრობასთან, მათ მიმართ ამ კაცმა, ამ დღეებში გადაასხა ძალიან ცივი წყალი“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, „იმიტომ, რომ მან როცა თქვა, რომ აკუნინი ებრძვის მას იმიტომ, რომ აკუნინი არის ქართველი, მან გამოხატა, რომ მას აქვს პრობლემა ქართველობასთან, ქართველ ერთან და არა საქართველოს რომელიმე მთავრობასთან – ის, რაც ჩვენ ისედაც პრინციპში ვიცოდით და ვხვდებოდით, მაგრამ ახლა კაცმა თავის პირით თქვა“.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსული დიპლომატიის „უბადრუკ“ მცდელობაზე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ აფრიკული სახელმწიფოების მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას მიაღწიოს იმ ფონზე, როცა „პასუხისმგებელი“ სახელმწიფოები ამ ტერიტორიების რუსეთის მიერ „ოკუპაციას“ აღიარებენ.
„კურიოზული და სასაცილო ფაქტია, რომ და ესეც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საერთოდ რამდენად არაადეკვატურები არიან, რომ ბოლო კვირებში გააგზავნეს ემისრები აფრიკაში და პირდებიან რამოდენიმე ასეულ მილიონს აფრიკულ ქვეყნებს და მათ შორის ჯიბეში ჩადებას კონკრეტულ ჩინოვნიკებს სთავაზობენ, კონკრეტული მთავრობების წარმომადგენლებს სთავაზობენ ჯერჯერობით, ასობით მილიონებს ქრთამის სახით, თუ ისინი აღიარებენ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“, – განაცხადა მან რომელიმე ქვეყნის დასახელების გარეშე.
“იმ პირობებში, როცა რუსეთი ბოლომდე ჩაფლავდა და არცერთმა პასუხისმგებელმა სახელმწიფომ არ აღიარა [დამოუკიდებლობა], არამედ აღიარა ეს ოკუპაციად, ჩამოაყალიბა ტერმინი ‘ეთნიკური წმენდა’, ე.ი. სამხედრო დანაშაულის იმპერიალისტური აგრესიის კლასიკური განმარტება მისცა, რაც მეტად დაამატებენ რუსები ნაურუს რომელიმე ამ კორუფციაზე წამსვლელი, მაგალითად აფრიკული ქვეყნის აღიარებას, მით უფრო სასაცილოდ გამოჩნდება და უბადრუკად რუსული დიპლომატიის მცდელობა და სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს, მით უფრო ჩქარა დავიბრუნებთ ჩვენ ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლს. ეს არის ჩემთვის დღესავით ნათელი, მაგრამ ეს მიუთითებს რა მდგომარეობაშია დღევანდელი რუსეთი და რა მდგომარეობამდე მიიყვანა ის მისმა აბსოლუტურად ჩიხურმა პოლიტიკამ“, – განაცხადა მან.
“ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“, – განაგრძო მან, „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი აღმშენებლობა, ჩვენი რეფორმები, რომლითაც აღტაცებულია, მათ შორის ბევრი რუსი ოპოზიციონერი და ამას ღიად გამოხატავენ და რუსული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ არაკორუფციული, ჩქარა პროგრესირებადი გარემო, კიდევ მეტი ხალხი გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, კიდევ ახალი ბევრი პროექტი განვავითაროთ და დაველოდოთ იმას, რაც მოხდება“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს არ სურს იყოს რუსეთის „შიდა პოლიტიკის ნაწილი“. „თვითონ თავიანთი შიდა პოლიტიკა მიიყვანს მათ შესაბამის შედეგამდე“, – დასძინა მან.