
პუტინი: ‘არ არსებობს იმის გარანტია, რომ აშშ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ განათავსებს ’
არ არსებობს იმის გარანტია, რომ აშშ საქართველოში თავის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ განათავსებს და თუ ეს მოხდა, „საშინელება“ იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი „შეტევითი სისტემების“ საქართველოზე დამიზნება მოუწევს, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.
მან ეს განცხადება 18 იანვარს რუსული მედია საშუალებების 30 რედაქტორთან შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს შესახებ შეკითხვა არ დასმულა, თუმცა პუტინმა თავად წამოწია ეს საკითხი, როდესაც მას სრულიად სხვა თემაზე, რუსეთის შიდა პოლიტიკაზე ჰკითხეს. კერძოდ, „ეხო მოსკვის“ რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ჰკითხა პუტინს მზად იყო, თუ არა ის შეხვედროდა ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული საპროტესტო მოძრაობის, „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლებს, რომელიც რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებს და ცნობილი სახეებს აერთიანებს, მათ შორის ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილ მწერალს გრიგორი ჩხარტიშვილს და სატირიკოს დიმიტრი ბიკოვს.
ამ კითხვის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზად იყო შეხვედრისთვის, თუმცა ოპონენტები მის მოწვევას არ პასუხობენ. შემდეგ მან განაცხადა, რომ „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ–ერთი წევრის, ბორის აკუნინის ოპოზიციური შეხედულებები შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდეს, რადგანაც ის „ეთნიკური ქართველია“.
„იცით, რომ ადამიანები სხვადასხვა მოსაზრებებით მოქმედებენ“, – განაცხადა პუტინმა, "მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. ის ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერს… რამდენადაც მე ვიცი, ის ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ მისთვის შესაძლოა მიუღებელი იყო რუსეთის ქმედებები ცნობილი კრიზისის და კავკასიაში განვითარებული მოვლენების დროს, რაც არსებითად წარმოადგენდა შეიარაღებულ ბრძოლას საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა და ჩვენი სამშვიდობოები, რომელთაც თავს დაესხნენ და რომლებიც უბრალოდ დახოცეს. ჩვენი ხალხის მნიშვნელობანი რაოდენობა მოკლეს იქ. და რა უნდა გაგვეკეთებინა? და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც აქ, რუსეთში ცხოვრობენ, და ქართველების დიდ რაოდენობას, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ესმით ჩვენი ქმედების მოტივები. და რა უნდა გაგვეკეთებინა? ჩვენ ხომ არ დაგვირღვევია შეთანხმებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებშია დაფიქსირებული. რა უნდა გაგვეკეთებინა?“
„მეორეც, მე ხომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მიმართულებით გადავიხრებოდით, მაგრამ თქვენ იცით, რომ მუდმივად მიდის დებატები იმ პრობლემაზე, რომელიც შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას უკავშირდება: ის დღესდღეობით მუდმივად დღის წესრიგში დგას. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის სად გაჩნდება ეს სისტემა – ახლოს/შორს ჩვენი საზღვრებიდან. ჩვენთვის,ბოლოს და ბოლოს, სულერთი არ არის განთავსდება ის საქართველოში, თუ არა. და რა, მოგვიწევს, რომ ჩვენი შეტევითი სისტემები საქართველოს ტერიტორიას დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ ეს რა არის? რა საშინელებაა? და გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს არ მოხდება? არა!“, – განაცხადა მან.
„როდესაც ჩვენ ქართველ კოლეგებს ვეუბნებოდით ‘მოდით ეს გავაკეთოთ, მოდით ის გავაკეთოთ’, ისინი ყველაფერზე უარს ამბობდნენ. და ამას გარდა, კიდევ ასეთ აგრესიული ხასიათის ქმედებებს ახორციელებენ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებასთან გამოსავალი ვეძებოთ, თუ ჩვენთან უნდათ საუბარი. სხვათაშორის, ბევრს სურს და მათ შორის ქართულ ოპოზიციას, ისინი ჩვენთან ჩამოდიან: მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომის, დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულ ქართველთა მემორიალის საფუძველის ჩაყრაში და მის გახსნაში. ეს ხომ რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშანია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. შეუძლებელია, რომ ხალხს ამისთვის ყურადღება არ მიექცია. ქართული დიასპორის დიდ ნაწილს, რომელიც აქ ცხოვრობს, ასევე ესმის ჩვენი“, – განაცხადა პუტინმა.