
ანქვაბი აფხაზეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლო გაძევებაზე საუბრობს
ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, „დატოვებენ აფხაზეთს“, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა.
“აფსნიპრესის“ ცნობით, მან ამის შესახებ რეგიონის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან 18 იანვარს გამართული შეხვედრის დროს განაცხადა მას შემდეგ, რაც მას აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, უმეტესად, ახალგაზრდებს საქართველოს ნეიტრალური დოკუმენტებით სარგებლობას სთავაზობს. სეპარატისტული რეგიონის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელსაც ეყრდნობა „აფსნიპრესი“, არ არის დაკონკრეტებული, თუ უშუალოდ რომელი ორგანიზაციებისგან მოდის ეს ინიციატივა.
„ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შესთავაზებენ აფხაზეთის მოქალაქეებს ე.წ. „ნეიტრალურ პასპორტერტებს“, დატოვებენ აფხაზეთს“, – განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.
მისი თქმით, სოხუმი დაჟინებით მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამგზავრების დროს გამოყენებული იქნას აფხაზური საერთაშორისო პასპორტები.
აფხაზურ პასპორტები არალეგიტიმურია, ვინაიდან მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა სეპარატისტულ რეგიონს არ აღიარებს. სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები ასევე ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს იმის გამოც, რომ რუსული პასპორტების მქონე ამ ორი რეგიონის მოსახლეობას ხშირად უარს ეუბნებიან ევროპის ქვეყნებისა და აშშ–ის ვიზებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ ლეგიტიმური გზით გამგზავრების უზრუნველყოფის მოტივი დაასახელა, როცა 2011 წლის ივლისში მათთვის სტატუს ნეიტრალურ პირადობის მოწმობებთან ერთად, ასეთივე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემოღება დააკანონა.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე ადასტურებს პირის ვინაობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმურ მაცხოვრებლებს აძლევს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას. ამ დოკუმენტის მიღებაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, ხოლო მისი მიღება ხდება პირადად, მინდობილობის მქონე მესამე პირის ან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით.