ახალი ამბები

სააკაშვილი ობამასთან შეხვედრისას ურთიერთობების ‘გაღრმავების გზებზე ისაუბრებს’

პრეზიდენტი სააკაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან 30 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრებს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კონტექსტში, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.     

„მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას  გაამახვილებს  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, "ორი ქვეყნის ლიდერი მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა  და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე  წინსვლისათვის  საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button