ახალი ამბები

მაგთიკომის თანამგზავრული Pay-TV

საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ განაცხადა სამშაბათს, რომ 23 იანვრიდან პირველ თანამგზავრულ pay-TV სერვისს იწყებს საქართველოში „მაგთისატის“ სახელწოდებით.    

DTH (direct-to-home) ტელევიზიის პლატფორმის საშუალებით მომსახურება მოიცავს როგორც სტანდარტული, ისე მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და HD) არხებს, რომლის მიღებაც ქვეყნის მასშტაბით 60სმ ზომის თეფშეფით იქნება შესაძლებელი.

თუმცა, თანამგზავრული pay-TV–ის მომსახურების პაკეტში ამ ეტაპზე არ შედის ქართული არხები; „მაგთიკომმა“ "მაგთისატის" პაკეტებში ქართული არხების არარსებობის მიზეზად ქართულ ტელეკომპანიებთან ჯერ კიდევ მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა.

ტელეკომპანია “მაესტრომ“, რომელიც ძირითადად საკაბელო ქსელებით მაუწყებლობს დედაქალაქში და რომელმაც მმართველ კომპანიასა და მის მფლობელებს შორის დაპირისპირების გამო სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა, დაადასტურა, რომ „მაგთისატთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა Civil.ge-ს 17 იანვარს, რომ „მაესტრო“ მზად არის „მაგთისატთან“ თანამშრომლობისთვის. ტელეკომპანია „მაესტრო“ არ შედის იმ პაკეტებში, რომელსაც ერთ–ერთი უმსხვილესი საკაბელო ქსელი Silk TV თავის მომხმარებელს სთავაზობს. ეს ფაქტი „მაესტრომ“ რამდენჯერმე დაგმო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ მის არხს „მაგთისატი“ ჯერ არ დაკავშირებია. „იმედი მაქვს, მოგვმართავენ“, – განუცხადა მან Civil.ge-ს სამშაბათს.

ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს „მაგთისატთან“; ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

„მაგთისატის“ დაყენება 60 ლარი ეღირება (HD მიმღების ინსტალაცია 100 ლარი ეღირება) და შემდეგ 10 ლარი თვეში 20–არხიანი პაკეტისთვის და 35 ლარი 70–არხიანი პაკეტისთვის; ამას ემატება 15 ლარი მათთვის, ვინც დამატებით ხუთ HD არხს ამოირჩევს.   

საქართველოს პირველი DTH ტელევიზიის პლატფორმისათვის თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორის SES–ის რამდენიმე ტრანსპონდერი გამოიყენება.     

პირველი ქართული pay-TV–ის მომსახურება 2011 წლიდან GMG-მ დაიწყო, რომელიც საკაბელო ქსელებით  და არა თანამგზავრით ექვს არხს გადასცემს. GMG-მ მომსახურების დაწყების შემდეგ ადგილობრივმა საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერებმა რუსული pay-TV პროვაიდერის ”HTB პლიუსის” ტრანსლირება შეწყვიტეს.

Back to top button