ახალი ამბები

სააკაშვილი თურქეთს და მის პრემიერ–მინისტრს მიესალმა

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს და მას „დიდი დემოკრატიული ლიდერი“ უწოდა, ხოლო თურქეთი „უტყუარად რეგიონარულ ლიდერად“ მოიხსენია. 

მან ეს განცხადება თურქეთის პრემიერ–მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ორი ლიდერი სტამბულში კენიიდან ჩამოსულ „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავს დახვდა, რომლითაც სომალელი მეკობრეების 16–თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური ჩამოფრინდა.

საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადეს, რომ სომალელი მეკობრეების მიერ 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლება საქართველოს და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო.

„მე არ მინახავს არც ერთი ლიდერი და მე არ ვიცნობ ბევრ ლიდერს, რომელიც ასე ზრუნავდეს თითოეული ინდივიდუალური მოქალაქის ბედზე; როცა შენ გყავს 5 მილიონი მოქალაქე, როგორც ჩვენ შემთხვევაშია, ეს შედარებით შეიძლება უფრო ადვილი იყოს, როდესაც გყავს 70 მილიონი და მეტი, ეს ბევრად ძნელია, მაგრამ თქვენთვის ეს ძნელი არ არის“, – მიმართა სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს.

„არ არსებობს პატარა ინტერესი თქვენთვის, როცა საქმე ეხება თურქეთის მოქალაქის ინტერესებს, სიცოცხლეს, ქონებას, თავისუფლებას და ეს მართლაც არის უნიკალური თვისება დიდი დემოკრატიული ლიდერის“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა ეს თვისება მაშინ გამოავლინა, როდესაც თურქი და ქართველი მეზღვაურების საკითხს აგვარებდა. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით ამ თემაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.     

„თურქეთი ძალიან დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო გახდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის უტყუარად  რეგიონარული ლიდერი – ლიდერი, რომელიც ქმნის პროცესებს, რომელიც წარმართავს პროცესებს, რომელიც არის მთავარი გარანტი მშვიდობის ახლო აღმოსავლეთში და ევროპის ჩვენ ნაწილში. მე ვფიქრობ, თურქეთის თუ არა ძალიან პროაქტიული სამშვიდობო როლი შარშანდელ მოვლენებთან დაკავშირებით არაბულ სამყაროში, ასევე ირანთან, სირიის პროცესებთან დაკავშირებით, სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, იგივე ევროკავშირთან და უახლოეს სამეზობლოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პროცესი კიდევ უფრო გართულდებოდა. თურქეთი არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური როლის მატარებელი ყველა ამ პროცესების მისამართით“, – განაცხადა მან. 

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო ისედაც ახლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ კიდევ ერთი სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნით. ეს იქნება მესამე სასაზღვრო–გამშვები პუნქტი ორ ქვეყანას შორის.

„ერთი სიტყვით, თურქეთი, რომელიც არის დინამიური განვითარების წარმოუდგენლად ძლიერი მაგალითი იმ პირობებში, როცა ევროპაში ასეთი კრიზისია, იმ პირობებში, როდესაც აზიაში ზოგადად არის რთული ეკონომიკური სიტუაცია, თურქეთი გამოირჩევა როგორც კუნძული შედარებითი კეთილდღეობის და ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარების. ეს არის კონკრეტული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი რევოლუციური რეფორმების, რომელიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ გაატარა ბოლო წლების განმავლობაში… ჩვენ აღფრთოვანებით ვაკვირდებით რეფორმებს განათლების სფეროში, ტექნოლოგიების სფეროში. თურქეთი გახდა ინოვაციების შემქმნელი სახელმწიფო“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ორი ქვეყანა ასევე თანამშრომლობს ისტორიულ–კულტურული ძეგლების აღდგენის საკითხზე.

„ჩვენ გვაქს რთული სამეზობლო და მე ვფიქრობ ამ სამეზობლოში ეს ურთიერთობები არის ძალიან სამაგალითო… ჩვენ გვაქვს უპრობლემო ურთიერთობები და ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ–მინისტრის, ერდოღანის დამსახურება“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button