ახალი ამბები

“ბანკ ქართუს” ჩამორთმეული თანხა უკან დაუბრუნდა

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში „ბანკი ქართუ"– სთვის ჩამორთმეული 2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო ბანკს დაუბრუნდა, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო პოლიციის მიერ ბანკის საინკასაციო მანქანიდან იქნა ამოღებული 18 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ამას, დაახლოებით, ორი კვირით ადრე წინ უძღოდა მილიარდერი ქველმოქმედის განცხადება პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ეს ქმედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. ხელისუფლების თქმით, „ბანკი ქართუს“ მიერ დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის გამოყენებით განხორციელებული ტრანსაქცია „საეჭვო“ იყო და სტანდარტული პროცედურების დარღვევით განხორციელდა. ეს ბრალდებები ბანკმა კატეგორიულად უარყო და თანხის ჩამორთმევა  პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ანგარიშწორებად შეაფასა.   

მთავარმა პროკურატურამ 10 იანვარს მოკლე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 18 ოქტომბერს ამოღებული თანხა „ბანკი ქართუს“ ანგარიშზე გადაირიცხა.

„2011 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა ბანკი "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით, რაც გამორიცხავს მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც დეტალებზე საუბარი არ არის.

„ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 11 იანვარს, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ გრძელდება კვლავ გამოძიება, ვინაიდან „ბანკ ქართუს“ რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია.

Back to top button