
სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, გალში ტერორისტული აქტი აღკვეთეს
სეპარატისტული აფხაზეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გალის რაიონში ოთხი ნაღმის აღმოჩენის შედეგად „მსხვილი ტერორისტული აქტი“ აღკვეთეს, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 11 იანვარს.
ამავე ინფორმაციით, სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი TM-62 და ერთი მიმართულებითი ნაღმი MON-50 სოფელ გაგიდას მისადგომებთან იმ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ადგილობრივი მილიციის კაპიტნის, ვიტალი როდონაიას მკვლელობის საქმეს იძიებენ. როდონაია იმავე სოფელში 9 იანვარს მოკლეს. აფხაზურმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ ისინი ქართულ კვალს განიხილავენ, როგორც ეთნიკური ქართველის, ვიტალი როდონაიას მკვლელობის ერთ–ერთ შესაძლო ვერსიას.
ორი კვირის წინ გალის მისაგდომებთან ორი ადამიანი მოკლეს. 28–დან 29 დეკემბრის ღამეს მოკლული მამაკაცებიდან ერთ–ერთი გადამდგარი აფხაზი პოლკოვნიკი ვალმერ ბუთბა იყო, რომელსაც ადგილობრივი წყაროები გალის რაიონში „გავლენიან“ პირად აფასებენ. ბუთბა, რომელიც აფხაზეთის პირველი ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის ყოფილი უფროსი და წარსულში აფხაზეთის ანტიტერორისტული შენაერთის ხელმძღვანელი იყო, 2009 წელს იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ აფხაზეთის იმ დროინდელი ლიდერის სერგეი ბაღაფშის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ბუთბა მაშინდელი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის და თავისი ნათესავის, ბესლან ბუთბას მხარდაჭერის გამო დაიჭირეს.
შარშან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2010 წელს ბათუმში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის მანქანა იმ პირებმა ააფეთქეს, რომლებიც ვალმერ ბუთბამ აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებისთვის დაიქირავა. ამ აფეთქებას პოლიციელი ემსხვერპლა.
აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა 10 იანვარს, რომ ბუთბას მკვლელობასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე იძებნება. სეპარატისტული რეგიონის პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი საქართველოს სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა.
ოფიციალურმა პირებმა თბილისში განაცხადეს, რომ ბუთბას მკვლელობა ადგილობრივ კრიმინალებს შორის ანგარიშწორების შედეგია. ზოგიერთმა ექსპერტმა თბილისში განაცხადა, რომ ბუთბას მკვლელობა შესაძლოა აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.