ახალი ამბები

საქსტატი: დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა

წლიური ინფლაცია დეკემბერში 2%–მდე გაიზარდა, რაც ძირითადად, ტრანსპორტზე, საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე ფასებმა განაპირობა, განაცხადა "საქსტატმა" 3 იანვარს.

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.9%–ს შეადგენდა.

დეკემბერში წინა თვესთან შედარების ინფლაციის დონემ, საქსტატის თანახმად, 0.6% შეადგინა.

ტრანსპორტისა და საწვავის ფასები ინფლაციის კვლავაც მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენდა დეკემბერში, როცა ტრანსპორტზე ფასები 22.4%–მდე გაიზარდა, ხოლო საწვავზე – 10%–ით.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე დეკემბერში ფასები 0.9%–ით გაიზარდა.

საქართველოს წლიურმა ინფლაციამ კლება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში მისმა მაჩვენებელმა 14.3%–ს მიაღწია.

იმავდროულად, დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75%–მდე შეამცირა.

„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.5% შეადგინა. თუმცა მთლიანი გამოშვების პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი მოთხოვნის აღნიშნული ზრდა ინფლაციის რისკებს არ შეიცავს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს.

“მეოთხე კვარტალში ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი შენელდა, რაც აისახება შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტენდენციები მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს, შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი“, – აღნიშნა კომიტეტმა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია  2012 წლის პირველ ნახევარში „დაბალ დონეზე შენაჩუნდება“, ხოლო „ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდა“.

Back to top button