ახალი ამბები

სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

ახალი წლის მისალოც გზავნილში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის „აბსოლუტურად“ დარწმუნებულია, რომ „იმპერია გარდაუვლად დაეცემა“ და საქართველო გათავისუფლდება.

მისი თქმით, ძველი ებრაელების მსგავსად, რომლებიც ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ სიტყვებით ‘მომავალ წელს იერუსალიმში’, ქართველებმაც ერთმანეთს ამ სიტყვებით უნდა მიულოცონ: ‘მომავალ წელს სოხუმში’.

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმპერია გარდაუვლად დაეცემა, საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება და მე მინდა დავამკვიდრო ტრადიცია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთს მიულოცოს ასე  – მომავალ წელს სოხუმში“, – განაცხადა სააკაშვილმა ახალი წლის დადგომამდე თავის სატელევიზიო მილოცვაში. 

მისი თქმით, 2011 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.

„ძალიან ბევრი მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა მან, "საქართველოს ეკონომიკა უფრო ჩქარი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში. ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებდით რეფორმების განხორციელებას და თანაც ძალიან სწრაფი ტემპით“.

“2008 წელს ჩვენს მტერს მიწასთან გასწორებული ვეგონეთ, მაგრამ ბოლო წლებში მთელ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე – უკარაინაში,  შუა აზიაში, ჩვენ მეზობლებში და რუსეთშიც კი –  მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ საქართველო აბსოლუტური ლიდერია რეფორმების გატარების და კორუფციათან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვბაძავენ, ჩვენ გვეჯიბრებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ აგრესიაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე საბაჟოები, ყველაზე თანამედროვე საგადასახადო სამსახური, ყველაზე წარმატებული, გამჭირვალე და ხალხისთვის  მსახურობაზე ორიენტირებული ახალგაზრდული სახელმწიფო აპარატი და მე ამითი ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, პირველად 2011 წელს „სერიოზულად ალაპარაკდა ევროკავშირში, რომ საქართველო უნდა გახდეს შემდეგ წლებში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ეს არის ნამდვილი გეოპოლიტიკური რევოლუცია“.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს არ სჯეროდა, ჩვენ გასულ წელს სერიოზულად წავიწიეთ წინ და ფრთები შევასხით იმ ჩვენ დიდ დაპირებას, რომ საქართველოში აშენებულიყო ათეულობით, მსოფლიო დონის საავადმყოფო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული საავადმყოფოების გახსნის კამპანიას უძღვებოდა. 

“მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, მიუხედავდა იმისა, რომ საქართველოს ცალი ხელით უწევს ბრძოლა დამპყრობელთან და მეორეს მხრივ ქვეყნის შენება, ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში არცერთ ეპოქაში საქართველოში ერთდროულად არ აშენებულა ამდენი, რაც აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და თუნდაც  2011 წელს“, – განაცხადა მან თავის მილოცვაში მოსახლეობის მიმართ. 

Back to top button