ახალი ამბები

სააკაშვილი პრაღაში ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო


სააკაშვილი ჰაველს 2011 წლის 10 ოქტომბერს პრაღაში შეხვდა და იგი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდი.

პრეზიდენტი სააკაშვილი, მსოფლიოს თორმეტზე მეტ ლიდერთან ერთად, პარასკევს ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო პრაღის მთავარ, წმინდა ვიტოს კათედრალურ ტაძარში.   

”ის იყო ჩვენი დროის უდიდესი პოლიტიკური ლიდერი… და საქართველოს წარმოუდგენლად დიდი მეგობარი”, – განაცხადა სააკაშვილმა 20 დეკემბერს.

სააკაშვილი 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთ ლიდერს ვაცლავ ჰაველს 2011 წლის 10 ოქტომბერს პრაღაში შეხვდა და იგი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

20 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ევროპაში გამოჩნდნენ ”ელემენტები”, რომლებიც სრულ უმცირესობაში იყვნენ და რომლებიც ცდილობდნენ აგრესორის გამართლებას და საქართველოს, ანუ ”მსხვერპლის” დადანაშაულებას, ვაცლავ ჰაველმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც ჰაველმა ქვეყნისთვის გააკეთა.

2008 წლის ოქტომბერში Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰაველმა რუსეთი გააკრიტიკა საქართველოზე თავდასხმის გამო და ევროკავშირის ლიდერები მოსკოვის მხარდაჭერის წინააღმდეგ გააფრთხილა. „ჩვენ ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ… ეს დიდი გამოცდაა დასავლეთისთვის“, – განაცხადა მან.

2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ღია წერილში ჰაველმა და ევროპული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ დამდგარიყო საქართველოს გვერდით და „განესაზღვრა პროაქტიული სტრატეგია, რაც საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და მისი ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული რუსული ძალების გაყვანაში დაეხმარებოდა“.

ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მეუღლესთან ბილ კლინტონთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალესა, აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიის, ლიტვის, ლატვიის, უნგრეთის, ესტონეთის, ავსტრიის და გერმანიის პრეზიდენტები.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button