ახალი ამბები

გაზეთები სააკაშვილს: ‘ნუ მოკლავთ პრესას!’

რამდენიმე მსხვილმა გაზეთმა ორშაბათს ლოზუნგის ტიპის მიმართვა გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენებზე „პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!“,  თბილისის მერიის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც დედაქალაქში ძველი ჯიხურების აღებას გულისხმობს.

ოქტომბერში თბილისის მერიამ ახალი პროექტის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც, მისი თქმით, „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას“ ისახავდა მიზნად. მერიის თქმით, გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დედაქალაქში „ძველი და უსახური ჯიხურები“ ჩაანაცვლოს ახალმა ჯიხურებმა, მიწის ნაკვეთებზე ახალი ჯიხურების ჩასადგმელად ინტერნეტ აუქციონიოს გამართვის გზით. თბილისის მერიის განცხადებით, ინტერნეტ აუქციონი მონაწილეებს კონკურენციის თანაბარ პირობებს სთავაზობს, რათა მათ ჯიხურებისთვის მიწის ნაკვეთი იჯარით აიღონ; ჯიხურებში გასაყიდ პროდუქციაზე რაიმე შეზღუდვები არ არსებობს.   

ნოემბერში „პლანეტა ფორტეს“ და „მაცნეს“ ათობით პრესის და სხვა ჯიხურის აღების პარალელურად ინტერნეტ აუქციონი დაიწყო, სადაც საწყისი წლიური საიჯარო ქირა 1 000 ლარს შეადგენს. ჯიხურების აღების ეს პროცესი მხოლოდ იმ ჯიხურებს ეხება, რომელთაც უკვე ამოეწურათ თბილისის მერიის მიერ წლების წინ გაცემული ნებართვის ვადა – მათ შორისაა „პლანეტა ფორტეს“ და „მაცნეს“ ჯიხურებიც. ამ ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც წლების მანძილზე ამუშავებდნენ პრესის ჯიხურებს, აცხადებენ, რომ ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ, რადგანაც იჯარის ფასები მათთვის ძალიან მაღალია, განსაკუთრებით დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ლოტებზე. ქართულ პრესაში ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზოგიერთი აუქციონი რამდენიმე კვების კომპანიამ მოიგო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ბეჭდური მედია საშუალებების შიშები, რომ ახალი ჯიხურები ჟურნალ–გაზეთებს აღარ გაყიდიან. რამდენიმე აუქციონი მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ პრესის გავრცელების კომპანიამ მოიგო, თუმცა ეს ადგილები გარეუბანშია, სადაც ნაკლები კონკურენცია და შედეგად იჯარის ფასიც უფრო დაბალი იყო.  

28 ნოემბერს საქართველოს პრესის ასოციაციმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიის ინიციატივა „მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ არასწორია იმ საკითხის პოლიტიზირება, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღ კონკურენციას, ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, მერიამ თანასწორი პირობები შექმნა ყველა მონაწილისთვის და „ნებისმიერი სახის  გამონაკლისი ან შეღავათი, რის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის ჩადგმის ნებართვა ინტერნეტ აუქციონის გარეშე მიეცემათ, გამოიწვევს იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს“.

„იგივე მიზეზის გამო მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაშიც ზარალდებიან ის მეწარმეები, რომლებმაც გაიმარჯვეს აუქციონში და იხდიან იჯარის გადასახადს“, – განაცხადა თბილისის მერიამ.

Back to top button