
საქართველო და იორდანია სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველომ და იორდანიამ 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ამანში ვიზიტის დროს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
მერაბიშვილმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს 17 დეკემბერს, რომ საქარველო და იორდანია უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი წარმოქმნით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის სფეროში.
იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ალ რაუდმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის „ძლიერი და გამორჩეული ურთიერთობების“ შემდგომ გაღრმავებას დაეხმარება, იტყობინება Jordan Times.