ახალი ამბები

მოსკოვმა ცხინვალის ოპოზიციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა


კადრი YouTube–ზე გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ოპოზიციის მომხრეები რუსეთისა და სეპარატისტული რეგიონის დროშებით საპროტესტო აქციას მართავენ ცხინვალში 1 დეკემბერს. 

პოსტსაარჩევნო შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის მოწოდებების საპასუხოდ, მოსკოვმა განაცხადა, რომ „სამართლებრივად და მორალურად“ არასწორი იქნება რუსეთისთვის „ზეწოლა მოახდინოს“ ოს დეპუტატებზე.

ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ რუსეთს ჩარევისკენ და კოკოითთან 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. რუსეთთმა შეთანხმებაში გარანტორის როლი შეასრულა. ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელიც რეგიონში 30 ნოემბრიდან იმყოფებოდა.

შეთანხმების შედეგად, კოკოითი, რომელიც ლიდერის პოსტზე მარტში დანიშნულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დარჩენილიყო, გადადგა და გარდა ამისა, მან პარლამენტს გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება სთხოვა. სანაცვლოდ, ჯიოევამ თავისი მომხრეების ორკვირიანი საპროტესტო აქცია შეწყვიტა და მარტში განმეორრებითი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, რომელშიც მას, შეთანხმების თანახმად, მონაწილეობის უფლება ექნება. თუმცა, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა, სადაც კოკოითის მმართველი პარტიის წევრები ჭარბობენ, 14 დეკემბერს გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების წინადადებები ჩააგდო.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჯიოევამ რუსეთს, როგორც შეთანხმების გარანტორს, ჩარევა სთხოვა.

„მიგვაჩნია, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი მიღწეულია. ყველაფერი გაკეთდა იმ რთული საზოგადოებრივ–პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ნოემბრის არჩევნების შემდეგ წამოიშვა. ამიტომ, რთულია გაუგო მათ, ვინც კვლავ ცდილობს გაამწვავოს ვითარება რესპუბლიკაში, და არსებულ შეთანხმებას არაკორექტულად და სათავისოდ გადმოსცემს“, – განაცხადა რუსეთის საელჩომ ცხინვალში 16 დეკემბერს.

ამავე განცხადების თანახმად, რა თქმა უნდა, რუსული მხარე შეთანხმების გარანტორია და მიაჩნია, რომ შეთანხმება შესრულდა, რადგანაც კოკოითმა წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს წინადადება გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე. „და ეს გაკეთდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამხრეთ ოსეთის პარლამენტი, რომელიც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა, მუშაობს დეპუტატების ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე… დაუშვებლად მიგვაჩნია ზეწოლის მოხდენა სამხრეთ ოსეთის დეპუტატებზე რომელიმე მხარის ინტერესებში არსებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით“, – განაცხადა რუსეთის საელჩომ.

ოპოზიციამ 15 დეკემბერს ცხინვალში რამდენიმე საათიანი აქცია გამართა პოსტსაარჩევნო შეთანხმების დარღვევის გასაპროტესტებლად. ოპოზიციამ პირობა დადო, რომ აქციებს კვლავაც განაახლებს, თუმცა მათი გეგმების დეტალებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. პარასკევს ცხინვალში რაიმე აქციის გამართვის თაობაზე ცნობა არ გავრცელებულა.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button