ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სოხუმს სტუმრობდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა სოხუმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტყობინება „აფსნიპრესი“ 15 დეკემბერს.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ ჩვენი სტრუქტურები როგორ უზრუნველყოფენ ერთობლივად აფხაზეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პატრუშევმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით „უახლოეს მომავალში“ რიგი ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება იგეგმება.

ალექსანდრე ანქვაბის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხები „წარმატებით გვარდება“. „ჩვენ შემდგომშიც ამგვარად ვიმუშავებთ უსაფრთხოების თემაზე“, – განაცხადა ანქვაბმა.

“აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გუდაუთაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.

აფხაზეთში სტუმრობამდე, პატრუშევმა რუსულ გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე „რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ადამიანების მომზადებაში“ დაადანაშაულა. თბილისში ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.

 

 

Back to top button