ახალი ამბები

ცხინვალის პარლამენტმა პოსტსაარჩევნო შეთანხმების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა

სამხრეთ ოსეთის ყოფილ ლიდერს ედუარდ კოკოითს და ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა წინადადებას მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე.

ამ ორი ოფიციალური პირის გადაყენება, ედუარდ კოკოითის გადადგომასთან ერთად, იმ შეთანხმების ნაწილია, რომლითაც ცხინვალში ოპოზიციის ორკვირიანი საპროტესტო აქციები დასრულდა. 10 დეკემბერს გადადგომამდე, კოკოითმა მთავარი პროკურორი თაიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი თანამდებობებიდან გაათავისუფლა – თუმცა, ამას პარლამენტის მხრიდან დამტკიცება ესაჭიროებოდა. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლეობას მმართველი პარტია წარმოადგენს.

14 დეკემბერს გამართული ფარული კენჭისყრის დროს, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 22 ხმით 8–ს წინააღმდეგ ჩააგდო წინადადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე. მთავარი პროკურორის შემთხვევაში კი ხმები თანაბრად გადანაწილდა – 15/15, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტი „რესი“.

ალა ჯიოევამ დაგმო პარლამენტის უარი შეესრულებინა შეთანხმების პუნქტები, რომელსაც მან და კოკოითმა კრემლის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის თანდასწრებით 9 დეკემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხების თანახმად, რუსეთი ამ გარიგების „გარანტორია“.

„ზოგიერთ დეპუტატს არ სურს სტაბილურობა რესპუბლიკაში და ძალ–ღონეს არ იშურებენ დაძაბულობის გასაღვივებლად“, – იტყობინება „რესი“ ჯიოევას სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ახლა რუსეთი, როგორც გარანტორი, უნდა ჩაერიოს და რეაგირება მოახდინოს შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტის დარღვევაზე. ჯიოევამ ასევე განაცხადა, რომ იგი თავის მთავარ მოკავშირეებს შეხვდება, რათა შემდგომი ნაბიჯები განიხილოს.       

მსგავსი/Related

Back to top button